წინასაარჩევნო გარემო

ISFED: ძალადობრივი ხასიათის ქმედებები წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში 2013 წლის 20 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის დროს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობრივი ხასიათის ქმედებები მოხდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის მიმდინარეობისას გამოვლინდა ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც ორგანიზებული იყო ყოფილი პოლიტპატიმრებისა და ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მიმართ რადიკალურად განწყობილი საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ. მიუხედავად აგრესიისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო პრაიმერის მონაწილე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა უსაფრთხოება", - ნათქვამია ანგარიშში.

ISFED მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საინიციატივო ჯგუფების ცესკოში რეგისტრაციისას, ყველაზე პრობლემატური ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის საკითხია:

"სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის განცხადების მიღებაზე უარის თქმით კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა; მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური ნორმები ამ მხრივ, გარკვეულწილად, ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა, მათი არა ფრაგმენტული, არამედ ერთობლივი, კომპლექსური განმარტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უფლებას, კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ და არჩეულ იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებში".

ამასთან, ორგანიზაციამ გამოავლინა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცალკეული შემთხვევები. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონსაწინააღმდეგოა აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომელმაც აჭარის ბიუჯეტიდან 13 მილიონ 555 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად გამოყო.

"საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია საბიუჯეტო პროგრამების ზრდა", - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია გიორგი მარგველაშვილზეც, რომელიც ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ის საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს და სიტყვით გამოვიდა:

"პარლამენტის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წესის გამკაცრების ფონზე, მაშინ, როდესაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძებებზე იკრძალება აგიტაცია, საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ სახელმწიფო ღონისძიებებზე დასწრება ეწინააღმდეგება გაცხადებულ პოლიტიკურ ნებას მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლინების შესახებ და წინააღმდეგობაში მოდის კოპენჰაგენის დოკუმენტის მოთხოვნასთან სახელმწიფო და პარტიულ საქმიანობას შორის მკაფიო ზღვარის არსებობის შესახებ", - ნათქვამია ანგარიშში.

ISFED-მა არაუფლებამოსილი პირების მიერ აგიტაციის გაწევის შემთხვევაც გამოავლინა - ანგარიშის მიხედვით, საქველმოქმედო ორგანიზაციამ - "ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" - საარჩევნო კოდექსის დარღვევით კოალიცია ქართული ოცნების აგიტაციაში მონაწილეობა კანონის დარღვევით მიიღო.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ჟურნალისტური და სადამკვირვბლო საქმიანობისათვის ხელის შეშლის შემთხვევები: "კერძოდ, პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და მისი მხარდამჭერები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტსა და "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიან დამკვირვებელზე - ირმა კიტრიაშვილზე ინტენსიურ ზეწოლას ახდენენ. ორგანიზაციის ქობულეთის ოლქის გძელვადიან დამკვირვებელს ხელი შეუშალეს სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში".

ამასთან, ISFED მონიტორინგის პირველ ანგარიშში აღნიშნავდა, რომ ფონდი ქართუს მიერ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის" დაფინანსება ამომრჩევლის მოსყიდვის საფრთხეს შეიცავდა. რის გამოც ორგანიზაციამ დაიწყო ააიპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის" დაფინანსებისა და პროგრამების შესწავლა. თუმცა, სამართლიანი არჩევნები აღნიშნავს, რომ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ გაასაჯაროვა "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის" დაფინანსების წყარო და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია.

სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, ISFED მოუწოდებს ხელისუფლებას, "მომავალშიც ერთმნიშვნელოვნად დაგმოს და გაემიჯნოს ძალადობის თითოეულ ფაქტს, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლისკენ".

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გასწიონ მაქსიმალური ძალისხმევა ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი გამოიყენონ ადეკვატური სანქციები;

მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს - უზრუნველყონ ოპონენტის მიმართ აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერებისა და აქტივისტების დისტანცირება სხვა პარტიის თუ კანდიდატის მიერ გამართული შეხვედრებისაგან;

მკაფიოდ მოუწოდონ თავიანთ წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, თავი შეიკავონ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ნებისმიერი ხასიათის ზეწოლისგან.

პრეზიდენტობის კანდიდატებს - გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე კანდიდატებმა, განსაკუთრებით მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატმა, თავი შეიკავონ ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობისაგან;

ცესკოს და ცესკოს თავმჯდომარეს - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა რეგისტრაციის საკითხის განხილვის დროს მოახდინოს კანონის იმდაგვარი განმარტება, რომელიც შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციის 29-ე, 70-ე და 1044-ე მუხლებთან და რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა თანაბარი შესაძლებლობების რეალიზებას, დარეგისტრირიდნენ კანდიდატებად;

მოხდეს მსჯელობა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებების გადახედვაზე;
საქველმოქმედო ორგანიზაციებს - თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რაც იწვევს საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებთან მათი საქმიანობის ასოცირებას;
სახელმწიფო უწყებებს - იყვნენ მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ.

კომენტარები