თბილისის მერია

უგულავა: შემოვლითი რკინიგზის საკითხზე კვირიკაშვილი აზრზე არ არის

ტაბულა

თბილისის მთავრობა მზადაა, შემოვლითი რკინიგზის ნებისმიერი პროექტი "უპრობლემოდ დაამტკიცოს", - ამ ინიციატივით გამოეხმაურა დედაქალაქის მერი გიგი უგულავა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესაძლო დაკონსერვების საკითხს.

"თვითონვე დაგეგმონ, თვითონვე გაუშვან პრივატიზაციაზე და თვითონვე განკარგონ... ოღონდ გააგრძელონ და არ გააფუჭონ მართლაც საუკუნის საქმე", - აცხადებს უგულავა.

"არ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს გუნცაძემ, რომელიც კარგად მოეწყო საქართველოს რკინიგზაში. არ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს ცალკე აღებულმა კვირიკაშვილმა, რომელიც რაღაც გზის დახრებზე საუბრობს და აზრზე არ არის. დოკუმენტი, რომელსაც ისინი აფრიალებენ, ფინანსური კვლევაა და ფინანსურ კვლევაში, რა თქმა უნდა, მკვლევარი იტყვის, რომ რკინიგზა არ არის რენტაბელური. მაგალითად, ჭიათურა-თბილისის რკინიგზაც და მთელი სამგზავრო გადაზიდვაც არ არის რენტაბელური, ამიტომ მარტო ბენზინმა და ნავთობმა უნდა იგრიხინოს ქალაქში?", - აცხადებს გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 5 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაკონსერვებას აპირებს, სანამ არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს დედაქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის გადატანის გეგმა. საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ კი განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზა კომპანიის ყოველწლიური მოვლა-შენახვის და საოპერაციო ხარჯებს გაზრდის და "კიდევ უფრო შემცირდება საქართველოს რკინიგზაზე გამტარუნარიანობა".

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი სარკინიგზო ხაზის ქალაქის ჩრდილოეთით გადატანას ითვალისწინებს, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრში 70 ჰექტარზე მეტი მიწა გამოთავისუფლდება ურბანული განვითარების პროექტებისთვის.  პროექტი 2010 წელს დაიწყო და, როგორც გიგი უგულავა აცხადებს, სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია.  

 

კომენტარები