სოციალურად დაუცველი პირების გამოსახლება

სახალხო დამცველი სოციალურად დაუცველთა გამოსახლებას სამწუხაროს უწოდებს

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველებთან მიმართებაში ერთიანი მიდგომა უნდა შეიმუშაოს.

"მთავარია, ხელისუფლებას ჰქონდეს ერთიანი ხედვა, რა მოუხერხოს სოციალურად დაუცველ პირებს, რადგან საუბარია ათასობით პირზე. მათი გამოსახლება ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა და ხელისუფლებამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს. დღეს შეიძლება გამოასახლონ რამდენიმე ოჯახი, ხვალ შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ მთავარია, ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკა, რომელიც სოციალურად დაუცველ პირებს დაიცავს", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

დღეს დილიდან ყოფილ მე-13 საჯარო სკოლაში შესახლებული სოციალურად დაუცველი პირების გამოსახლების პროცესი დაიწყო. თუმცა, შენობაში ამ დრომდე რჩება დაახლოებით 18 ოჯახი. ისინი შენობის დატოვებას არ აპირებენ.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახებს კასპში, გურიაში, დუშეთსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკუთრება აქვთ. სამინისტრო მზად არის, საკუთარ სახლებში მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოს. უწყების ცნობით, ყოფილი მე-13 სკოლის შენობა დღის ბოლომდე უნდა დაიცალოს.

კომენტარები