ცვლილებები უმაღლესი განათლების კანონში

უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

parliament.ge

გუშინ, 24 ივლისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში. აღნიშნული კანონპროექტის საბოლოო რედაქციაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს თავად უნივერსიტეტის პროფესურა აირჩევს და მას პრემიერმინისტრი არ დანიშნავს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პრემიერმინისტრს უნივერსიტეტების რექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებას ანიჭებდა. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური და აღმასრულებელი პერსონალისთვის ხელფასების ზედა ზღვარის დადგენის სქემას; ასევე დებულებას, რომლის თანახმადაც დოქტორანტები ვეღარ შეძლებენ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავებას და სხვა.

აღნიშნულ ცვლილებებს ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მხრიდან. საკანონმდებლო ინიციატივას მოწინააღმდეგები პარლამენტშიც გამოუჩნდნენ: საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების პროტესტს კოალიცია ქართული ოცნების 12 დეპუტატიც შეუერთდა.

შედეგად, კანონპროექტის ყველაზე სადავო დებულება (რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხი) ცვლილებების საბოლოო ვარიანტში შეიცვალა. საბოლოო რედაქციით, რექტორის არჩევამდე მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი აირჩევს. სხვა სადავო საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და კანონპროექტის პირველადი ვარიანტი უცვლელი დარჩა.

კომენტარები