საპრეზიდენტო არჩევნები 2013

გიორგი მარგველაშვილი: ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტით დიქტატორი ვერ გახდები

"თუ გინდა იყო დიქტატორი, ამ ინსტიტუტით დიქტატორი ვერ გახდები, რაც ძალიან კარგია" -  განაცხადა კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა, გუშინ, 19 ივლისს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.

მარგველაშვილმა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არჩეული პრეზიდენტის ფუნქციებზეც ისაუბრა.

"ამ ახალმა საპრეზიდენტო ინსტიტუტმა, პირველ რიგში, მოქალაქეს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ გააქტიურდეს. ავტორიტარიზმმა უთხრა თითოეულ მოქალაქეს, იმისთვის, რომ შენ იყო წარმატებული, ან ხელისუფლებასთან დაახლოვდი, ან სამართალდამცავ სტრუქტურებთან, ან პოლიტიკურ მეინსტრიმთან იყავი ახლოს და შენ იქნები წარმატებული. რას ნიშნავს ის ახალი ვითარება, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ და რაშიც მე ვხედავ ამ ახალი ინსტიტუტის ერთ–ერთ მთავარ მოწოდებას? მე შენ კი არ გეუბნები, რომ მე დამემორჩილე და ამით იქნები წარმატებული, მე გეუბნები, რომ შენ თავისთავად უნდა იყო წარმატებული, როგორც მოქალაქე, როგორც ჟურნალისტი და როგორც ბიზნესმენი. მე კი უნდა მოვახერხო და პრობლემური თემები ჩამოგაშორო იმისთვის, რომ შენ ბოლომდე გაიხსნა", – განაცხადა მარგველაშვილმა.

კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა ტოლერანტობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით ქართულ საზოგადოებას პრობლემები არ აქვს.

"როდესაც ჩვენზე საუბარი არის, რომ რაღაცნაირად ეს საზოგადოება თურმე არ არის ადეკვატური, თურმე არ არის ევროპული... ეს საზოგადოება არის სისხლით ხორცამდე ევროპული, იმ ღირებულებების მატარებელი, უბრალოდ, მომეცი მე შესაძლებლობა, ეს ღირებულებები ჩემებურად ჩამოვაყალიბო. ქართველების ტოლერანტობა – როდესაც დაგისვამენ კითხვის ნიშანს, რომ შენ ტოლერანტული ქვეყანა ხარ თუ არა, ცოტა შემაძრწუნებელია იმიტომ, რომ, მე მგონი, ყველაზე მრავალეთნიკური ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს გამოცდილება ებრაული დიასპორის არსებობისა, მე მგონი, დღიდან ამ ქვეყნის შექმნის, ხომ? ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც არ იყო რელიგიური დევნა და ამ დროს უბრალოდ უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი თავის ენაზე ჩამოაყალიბოს და თქვას. ამ თვალსაზრისით მე საერთოდ ვერ ვხედავ  სირთულეებს და პრობლემებს", – განაცხადა მარგველაშვილმა.  

კომენტარები