შსს

შსს: ქობულეთში პოლიციის მხრიდან ახალგაზრდებზე ზეწოლა არ მომხდარა

ნინო გიორგობიანი
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქობულეთში პოლიციელთა მხრიდან ახალგაზრდებზე რაიმე სახის ზეწოლა არ ყოფილა - ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ჟურნალიტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციებს სამინისტროს წარმომადგენლებმა დახურულ შეხვედრაზე ვიდეოკადრები აჩვენეს, რომელზეც, უწყების ცნობით, პოლიციის შეურაცხყოფაა ასახული. საქმე ეხება გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ ქობულეთის პოლიცია სამ დაკავებულ ახალგაზრდას დაემუქრა და დამამცირებლად მოექცა.

"შსს-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებზე რაიმე სახის ზეწოლა არ მომხდარა. საკმაოდ დიდი იყო ინტერესი ამ საქმესთან მიმართებაში და ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ გავაცანით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ამ საქმესთან მიმართებაში, გავაცანით ის ფაქტები, რაც აჭარის სამმართველომ მოგვაწოდა, ასევე, ვაჩვენეთ ის ვიდეოკადრები, რომელიც გადაღებულია ქობულეთის განყოფილებაში, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას პოლიციის თანამშრომლებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამივე დაკავებული ადრე იყო ნასამართლევი და სამივე პირი სასამართლომ ასლარიანი ჯარიმით გამოუშვა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პოლიციელთა მხრიდან არ დასტურდება რაიმე ფიზიკური ზეწოლის ფაქტები", - ამბობს ნინო გიორგობიანი.

გაზეთ ბათუმელების ინფორმაციით, ქობულეთის პოლიციამ სამი ახალგაზრდა დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ფატი ხალვაშის ცნობით, 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლებულმა ახალგაზრდებმა მას შეატყობინეს, რომ ქობულეთის პოლიციაში დამამცირებლად მოექცნენ და გაუპატიურებით დაემუქრნენ. 

კომენტარები