საქართველო-ევროკავშირი

სააკაშვილი: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც კი დღის წესრიგიდან მოხსნილია

www.chveniambebi.info

"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დღის წესრიგიდან მოხსნილია, ერთადერთი, რაზეც ვიბრძვით, ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კიშინიოვში, მოლდოველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სააკაშვილის თქმით, ამის მიზეზი ქვეყნის შიდა ფაქტორებია:

"ორი წლის წინ ყველა თვლიდა, რომ მოლდოვასთან ერთად არათუ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერდით ხელს, არამედ მივიღებდით ასევე დეკლარაციას ორი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე - რომ მომავალში შეიძლებოდა, პოტენციურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გავმხდარიყავით. საუბედუროდ, ჩვენი შიდა ფაქტორების გამო, არა მხოლოდ ამ მეორე პერსპექტივის მიღების საკითხი, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც კი დღის წესრიგიდან მოხსნილია. ერთადერთი, რაზეც ვიბრძვით, ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება - ანუ, ის ძალაში არ შევა, მაგრამ ხელს მოვაწერთ, რომ ეს არის საბოლოოდ შეთანხმებული პროექტი. მოლდოვას შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილია, საქართველოს, სამწუხაროდ, აქაც უკვე კითხვის ნიშნები გაუჩნდა. ჩვენ მოლდოვასთან ერთად ამ კლასში ხუთოსნები ვიყავით და ნამდვილად არ გვინდა, ოროსნებად ვიქცეთ და კლასში ჩაგვტოვონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტს გამოეხმაურა პრემიერმინისტრი, რომელიც ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე იმყოფება:

"ყოველდღე რაღაცეებს აკეთებს ეს კაცი და ვეღარ ვასწრებ პასუხის გაცემას. რის საფუძველზე ამბობს ამას, არ უსმენთ? არ ნახეთ გამოსვლები? ყველანი ძალიან კმაყოფილნი არიან, ტემპები დაჩქარდა, ახალი გუნდი ძალიან მოსწონთ, თანამშრომლობა გაიოლდა, ყველაფერი იქნება უკეთესად, ვიდრე გეგმავდნენ. არ მოსწონს ამ ერთ კაცს რატომღაც და ცუდია, რომ არ მოსწონს. ერთი კაცის ხედვა რჩება განმარტოებულად, დამოუკიდებლად საზოგადოების ხედვისა. ძალიან ცუდია. გაითვალისწინოს რეალობა, ცარიელი განცხადებები აღარ მოქმედებს ხალხზე. თვითონ მას აზიანებს პირადად. შეეცადოს პრეზიდენტი, რომ მეტად ობიექტური იყოს", - მოუწოდა პრემიერმა პრეზიდენტს.

სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა:

"მისი სერიოზულად კომენტირება დღევანდელ დღეს უკვე აღარ ღირს. საქართველომ შეძლო მიეღწია შეთანხმება ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომელიც იყო შეუთანხმებელი ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლამდე. სწორედ დარჩენილი ნაწილის თაობაზე შეთანხმების მიღწევის შედეგად ხდება შესაძლებელი ის, რომ მოხდება ასოცირების შეთანხმების პარაფირება", - ამბობს პეტრიაშვილი.

კიშინიოვში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი უკვე შეხვდა მოლდოველ კოლეგას, ასევე მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერმინისტრს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტთან ერთად შედიან უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, დეპუტატები - გიორგი ბარამიძე და გიორგი კანდელაკი, ასევე თბილისის მერი გიგი უგულავა.

კომენტარები