კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა

ივანიშვილი: ჩვენ ვატარებთ სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმებს

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეფორმებზე ისაუბრა.

პრემირის თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს "სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმები", რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაა.

"ჩვენ ვატარებთ ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმებს. ეს არის ჯანდაცვაში, განათლებასა და სოფლის მეურნეობაში გატარებული რეფორმები. უკვე გვაქვს წინსვლა ამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ყველაზე მნიშვნელოვანი  და რთული რეფორმა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, ეს არის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. წამოწყებული რეფორმა ეყრდნობა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ასახავს ვენეციის კომისიისა და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წინადადებებს. საქართველოს პარლამენტმა ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღო კანონი სასამართლოების შესახებ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ხალხი მიიღებს დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელიც თავისუფალი იქნება აღმასრულებელი შტოს ზემოქმედებისა თუ სხვა სახის პოლიტიკური ზეგავლენისაგან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება "დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის დამოუკიდებლობას".

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სიტყვის თავისუფლების ფასი და ამიტომაც ჩვენი ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის დამოუკიდებლობას. ამ მხრივ სასიკეთო ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ყველასთვის აშკარაა, რომ ახალი ხელისუფლება არ ერევა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მუშაობაში", - განაცხადა პრემიერმა.

საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" ბათუმში მიმდინარეობს. კონფერენციას ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები