ქართული ოცნება

მარგველაშვილი: კანონი არ მავალებს, მაგრამ მე დავტოვებ თანამდებობას

ტაბულა

საქართველოს განათლების მინისტრი და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ დაწყებული პროექტების დასრულების შემდეგ მინისტრის თანამდებობას დატოვებს.

"დაახლოებით ერთი კვირის წინ გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ კანონი არ მავალებს, დავტოვო თანამდებობა, მაგრამ მე დავტოვებ თანამდებობას, რამდენადაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უნდა ახალი სტანდარტების შემოტანა და ახალი კულტურის შემოტანა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ეხმიანება იმ პრინციპებს და იმ პოზიციას, რომელსაც აყალიბებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, რამდენიმე დღეში, ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად მოვახერხებ დაწყებული პროექტების დამთავრებას, დავტოვებ მინისტრის თანამდებობას და დავიწყებ აქტიურ საარჩევნო კამპანიას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, კომენტარი პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. 

"ვინც არის ჩვენი პრეტენდენტი ამ არჩევნებში, ბატონი გიორგი მარგველაშვილი, მისი კერძო სურვილის არის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ უფლება აქვს შეინარჩუნოს მინისტრის პოსტი არჩევნების დასრულებამდე და არჩევნების პროცესშიც, ის რამდენიმე დღეში აპირებს გადადგომას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.

 

კომენტარები