საქართველო-ევროკავშირი

ივანიშვილი: იმედი გვაქვს, ვილნიუსის სამიტი ისტორიული იქნება

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

"ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ვილნიუსის სამიტი იქნება ისტორიული. ამ სამიტზე განისაზღვრება პარტნიორი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა და საქართველოს შემთხვევაში პარაფირებული იქნება ასოცირებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, ევროკომისარ შტეფან ფულესთან პირისპირ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

პრემიერმინისტრმა საქართველოს ხელისუფლების მთავარ მიზნებსა და ამ პროცესში ევროკავშირის ძალისხმევაზეც ისაუბრა:

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო ევროკავშირისა და პირადად ბატონ ფულეს დიდი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენს რეგიონში დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად. საქართველოს ხელისუფლება თავის უმთავრეს მიზნად ისახავს კანონის უზენაესობას, სასამართლოს თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას, ეფექტიანი და გამჭვირვალე მმართველობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას. ყოველივე ამის ქვაკუთხედი კი ჩვენთვის ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვაა", - აცხადებს ივანიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება კოაბიტაციის პროცესის ერთგულია:

"ჩვენ ერთგული ვართ კოაბიტაციის პროცესის, რასაც ადასტურებს რამდენიმე დღის წინ ურეკში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან გამართული საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა და ის ერთობლივი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ მივიღეთ არაერთ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები წარმატებით ჩაივლის. ეს არჩევნები ნათლად წარმოაჩენს, რომ დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით, ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ მიდის", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები