საპრეზიდენტო არჩევნები 2013

პრემიერი: გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე დღეში თანამდებობიდან გადადგება

Reuters

"ვინც არის ჩვენი პრეტენდენტი ამ არჩევნებში, ბატონი გიორგი მარგველაშვილი, მისი კერძო სურვილის არის რომ, მიუხედავად იმისა რომ უფლება აქვს შეინარჩუნოს მინისტრის პოსტი არჩევნების დასრულებამდე და არჩევნების პროცესშიც, ის რამდენიმე დღეში აპირებს გადადგომას", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი ვიცეპრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატია. კანონმდებლობის თანახმად, მას შეუძლია არ დატოვოს მინისტრის პოსტი.

"ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რომ ის უბედურებები, რაც გვახლდა ბოლო 20-22 წლის განმავლობაში, რომ ყოველთვის სახელმწიფო რესურსი ხმარდებოდა სახელისუფლებლო კანდიდატს, აი ამის კითხვები აღარ დარჩეს ჩვენ საზოგადოებაში და, რა თქმა უნდ,ა ევროპელებში და ამერიკელებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა კანდიდატს ჰქონდეს თანაბარი უფლებები და არაც ერთ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო რესურსები ამ მიმართულებით", - განაცხადა ივანიშვილმა. 

"დარწმუნებული ვარ, რომ 27 ოქტომბრის საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები წარმატებით ჩაივლის. ეს არჩევნები ნათლად წარმოაჩენს, რომ დემოკრატიულობის თვალსაზრისით ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყნა წინ მიდის", - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები