საია

მამუკა ივანიაძე: კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ

www.facebook.com/AgricultureGeorgia

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ მამუკა ივანიაძის განცხადებით, მას დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ივანიაძემ ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი დაკავების შემდეგ მის მიმართ ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა. 

ივანიაძის ინფორმაციით, ის 1 მაისს დააკავეს. ე.წ. მოდულის შენობაში შეყვანისას ოფიციალურად არ გაუფორმებიათ და როგორც უცხოელი ისე წარადგინეს. მისივე თქმით, ოთხი საათის განმავლობაში მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ადვოკატის ნახვის საშუალება არ მისცეს. 
"მოდულის შენობაში შესვლიდან დაიწყო ჯოჯოხეთი. 12-მდე პიროვნება პერიოდულად შემოდიოდა, ვისაც რა უნდოდა, შეგინებით, შეურაცხყოფით გრძელდებოდა ზეწოლა ოთხი საათის განმავლობაში. პერიოდულად, ვიღაც პიროვნება, რბილი ფორმებით, თითქოს ჩემზე ზრუნავდა, მირჩევდა რაღაც მეთქვა. ისინი მპირდებოდნენ, რომ თუ მივცემდი ჩვენებას, გამათავისუფლდებდნენ, თუ არადა - დამაპატიმრებდნენ", - განაცხადა მამუკა ივანიაძემ. 
ბრალდებულის თქმით, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე მისი კლასელია და ჩვენებას მიცემას მის წინააღმდეგ სთხოვდნენ, რაც სასჯელაღსრულების მე-8 საპყრობილეში გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა. ივანიაძე ჰყვება, რომ ღამის საათებში, მე-8 საპყრობილეში პროკურორი გიორგი დავითაშვილი მასთან შეხვედრას მართავდა, საბოლოოდ კი, ჩვენება სწორედ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა.
"დავითაშვილი მკარნახობდა, მე ვწერდი", - განმარტა ივანიაძემ. 
მისივე თქმით, ჩვენების პათოსი არასწორია და ჩვენება არც კი წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. ივანიაძის განცხადებით, როდესაც სასამართლო პროცესი გაიმართება, აღნიშნულ ჩვენებას აუცილებლად შეცვლის. 

საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ აღნიშნული საქმე თავიდანვე უამრავ კითხვას ბადებდა. მისივე თქმით, საქმეში სამი უწყების - პროკურატურის, სასამართლოსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების, არასწორი ქმედებები იკვეთება. 
კოჟორიძე განმარტავს, რომ პროკურატურის ბრალდების არსი აბსურდულია, სასამართლოს განჩინებები – დაუსაბუთებელი, საქმეში კი იკვეთება სასჯელაღსრულების სამინისტროს არასწორი მოქმედება. 
კოჟორიძის თქმით, დაკავებულ ივანიაძეს ე.წ. მოდულის შენობაში აგინებდნენ, მის თვალწინ იარაღს ტენიდნენ და თუკი დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, უებნებოდნენ, რომ ციხეში ყოფნა დიდი ხნით მოუწევდა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულს უხსენებდნენ ოჯახის წევრებს და მინიშნებას აკეთებდნენ მის სტუდენტ გოგონაზე. 
საია-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, საკანში მამუკა ივანიაძეს სამი უცნობი პატიმარი დახვდა, რომლებმაც ჩხუბის ინსცენირება მოახდინეს. ერთ-ერთმა მათგანმა ხელი გაიჭრა და სისხლი კედელს წაუსვა, მოგვიანებით ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ფაქტი დააფიქსირეს, რის შემდეგაც პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა ივანიაძეს უთხრა, რომ ჩხუბთან დაკავშირებით, შესაძლოა მას სასჯელი დამატებოდა. 

კომენტარები