სამთაწყაროს ინციდენტი

ილია მეორე: სინამდვილეში არავითარი უთანხმოება არ არსებობს

ილია მეორე

სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას საპატრიარქოში ილია მეორე შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა, სამთაწყაროში მომხდარი რამდენიმე გახმაურებული ინციდენტი იყო. სოფლის მოსახლეებმა პატრიარქს შეხვედრამდე განუცხადეს, რომ კონფლიქტი თითქმის ამოწურულია. სოფელ სამთაწყაროს მოსახლობის გარდა, შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომელებმაც ადგილზეც შეისწავლეს სიტუაცია. პატრიარქმა შეკრებილებს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ ლოცვაში ხელი შეეშლებათ, შეუძლიათ საპატრიარქოში მივიდნენ და იქ ილოცონ.

"გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ იქ რაღაც უთანხმოებას აქვს ადგილი. სინამდვილეში არავითარი უთანხმოება არ არსებობს, უბრალოდ, ზოგიერთს სურს, რომ ეს ასე იყოს. ზოგიერთი სპეციალურად აღვივებს ამ უთანხმოებას. მე გაზრდილი ვარ ისეთ ოჯახში, სადაც ჩვენი უახლოესი ახლობლები იყვნენ მუსულმანი ქისტები. დედაჩემი და მამაჩემი ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისებურად ელოცათ და ჩვენ მეორე ოთახში ხატების წინ ვლოცულობდით. აი, ესეთ ოჯახში ვარ მე გაზრდილი და ჩემთვის ახლა თქვენ, ერთიც და მეორეც, სულიერი შვილები ხართ. მე არასდროს არ დავუშვებ იმას, რომ დაჩაგრული იყოს რომელიმე. ასე რომ, ვისაც ლოცვა მოგინდებათ, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ და ილოცოთ. ჩვენ ვართ ერთი ხორცი და სისხლი და თქვენ არ უნდა გაიმეტოთ ერთმანეთი, პირიქით, უნდა დაეხმაროთ. ხელოვნურად არ უნდა შევქმნათ ეს, არ უნდა მოვუსმინოთ პროვოკატორებს", - განაცხადა ილია მეორემ.

 

 

კომენტარები