საპრეზიდენტო არჩევნები 2013

მარგველაშვილი: კამპანიის დაწყებისთანავე, თანამდებობიდან გადავდგები

ტაბულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებისთანავე, ის თანამდებობიდან გადადგება. კანონი პრეზიდენტობის კანდიდატს თანამდებობიდან გადადგომას არ ავალდებულებს. მარგველაშვილი კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატია. 

"კანონი მაძლევს იმის უფლებას, რომ დავრჩე თანამდებობაზე, მაგრამ ჩვენ სწორედ იმიტომ მოვედით ხელისუფლებაში, იმიტომ გვაქვს პრეტენზია ქვეყნის მართვის, რომ ახალი სტანდარტები და პოლიტიკური კულტურა დავნერგოთ. ბუნებრივია, როგორც კი დავიწყებ საარჩევნო კამპანიას, მე გადავდგები, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ მავალდებულებს. კონკრეტულად ჯერ სლოგანსა და სხვა დეტალებზე ჩამოყალიბებული არ ვართ. ჩვენ ძლიერი და ორგანიზებული გუნდი ვართ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გვიჭერს. რაც შეეხება იმას, რა შანსები აქვს ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში გამარჯვების, ამაზე დასკვნები პოლიტოლოგებმა უნდა გააკეთონ", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მარგველაშვილი არჩევნების თარიღსაც გამოეხმაურა. 

"მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი განხორციელდება კანონის მიხედვით, სხვა დანარჩენი დეტალები ნაკლებად მნიშვნელოვანია. სააკაშვილის პიროვნების განხილვა ქართული საზოგადოებისთვის არის უკან დახევა ისტორიაში, არ ღირს ამ პიროვნების პრობლემების, დარდების ან რაღაც შეცდომების განხილვა. ჩემთვის ერთადერთი საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მოხდეს ვადებში და კანონიერად," განაცხადა მარგველაშვილმა. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არჩევნების თარიღად ჯერ 27 ოქტომბერი, მოგვიანებით კი 31 ოქტომბერი გამოაცხადა. 

 

კომენტარები