სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს. ნანუაშვილი ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული კონვენციების რატიფიცირებისკენ მოუწოდებს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ დასაქმებული ”ადამიანის სიცოცხლე ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და ის სათანადოდ უნდა იყოს დაცული”.

"შრომის უფლება, როგორც წესი, არ გულისხმობს მხოლოდ დასაქმების, შრომის სამართლიანი ანაზღაურებისა და სათანადო პირობების უფლებას. შრომის უფლების განუყოფელი კომპონენტია დასაქმებულის უფლება უზრუნველყოფილი იყოს შრომის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოთი. ეს უფლება განმტკიცებულია მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებით. სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფო დონეზე არ არის შემუშავებული შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა და შესაბამისად, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, რამდენად არის დაცული სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო. 2007 წლიდან მოყოლებული, ფატალური შემთხვევებისა და დაზიანების კატასტროფულად მზარდი ტენდენციაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა იყო 102, გარდაცვლილთა რაოდენობა - 42. 2011 წელს დაშავებულთა რაოდენობაა - 137, გარდაცვლილთა რაოდენობა – 54", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, დაიწყონ ინიცირება შრომის უფლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის - დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), №129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), №155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების მიზნით.

კომენტარები