კერძო საკუთრება

უსუფაშვილი: მესაკუთრე უცხოელზე მიწას ვერ გაყიდის

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ათენში ვიზიტისას, ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოეთის მოქალაქისთვის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის საკითხზე მუშაობს.

„პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მორატორიუმის გამოცხადების თაობაზე. ეს არანაირად არ ეხება იმ მესაკუთრეებს, რომელთაც მიწის ნაკვეთები კანონით დადგენილი წესით ჰქონდათ შეძენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში, ვერც საქართველოს მოქალაქე და ვერც უცხოელი სხვა უცხოელზე მიწას ვერ გაყიდის, მიწა შესაძლოა გადაეცეს ხანგრძლივი იჯარით ან სხვა პირობებით. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება არა ინვესტიციების საწინააღმდეგოდ, არამედ ინვესტიციების მოსაზიდად, რამდენადაც სასოფლო-სამეურნეო მიწა არ უნდა იყოს სპეკულაციის საგანი როგორადაც ის იქცა საქართველოში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით ხელისუფლებამ უნდა გავითვალისწინოს, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღატაკის ზღვარზეა და მზად არის ჩალის ფასად გაყიდოს მიწა. უსუფაშვილის თქმით ეს გადაწყვეტილება ინვესტიციებს არ შეაფერხებს.

”ამ მძიმე პერიოდში ჩვენ სხვაგვარად უნდა დავეხმაროთ სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს და მივცეთ საშუალება ფული იშოვონ, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 50%-მდე სწორედ სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეთა უმიწოდ დატოვება არ არის სწორი სახელმწიფო პოლიტიკა. ეს არანაირ კავშირში ინვესტიციების შეფერხებასთან არ არის და კიდევ ვიმეორებ, ეს პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება. საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ საკითხის ყოველმხრივ შესწავლის შემდეგ. პარლამენტი მზად არის შეაჩეროს ის უკონტროლო მდგომარეობა, რომელიც იყო ქვეყანაში” - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები