საცალო ვაჭრობის ინდექსი

საცალო გაყიდვების საერთაშორისო რეიტინგში საქართველო მერვე ადგილზეა

Siraj Ali

საერთაშორისო ორგანიზაციამ A.T. Kearney-იმ 2013 წლის გლობალური საცალო გაყიდვების განვითარების ინდექსი (GRDI) გამოაქვეყნა. ინდექსი 30 განვითარებადი ქვეყნის საცალო გაყიდვების კუთხით მიმზიდველობას აფასებს. კვლევა უნიკალურია, რადგან გამოყოფს არა მხოლოდ იმ ბაზრებს, რომლებმაც საცალო გაყიდვების კუთხით წარმატებას უკვე მიაღწიეს, არამედ იმათაც, რომელთაც ამ კუთხით განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ.

ინდექსის შეფასებით, განვითარებისთვის ყველაზე ღია ახალი ბაზრებია, ე.წ. „ახალი მარგალიტები" - ქვეყნები, რომელთა მოსახლეობაც მცირერიცხოვანია, თუმცა ბიზნესგარემო აქცენტს აკეთებს დოვლათის დაგროვებასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე. ასეთ ბაზრებს ინდექსი ურუგვაისთან, მონღოლეთთან და სომხეთთან ერთად, საქართველოსაც მიაკუთვნებს. ინდექსის მიხედვით, საქართველო წინ უსწრებს სომხეთს და ინდექსში მერვე ადგილს იკავებს. A.T. Kearney-ი ამ ბაზრებზე ნიშას ხედავს როგორც ფუფუნების საგნების გაყიდვის, ისე ჩვეულებრივი საცალო გამყიდველებისთვისაც. ინდექსის შეფასებით, ღია ბაზრები შეიძლება ახალი ჰაბი აღმოჩნდეს პირველისთვის, ხოლო რეგიონული სტრატეგიის საფუძველი - მეორესთვის.

ინდექსის მიხედვით, „ახალი მარგალიტების" მთავარი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ ამ ბაზრებმა შეძლეს თავიდან აეცილებინათ სტაგნაცია, რომელსაც დასავლეთ ევროპის ბევრმა განვითარებულმა მეზობელმა ქვეყანამ გვერდი ვერ აუარა.

ინდექსში საქართველო თავის უშუალო მეზობლებზე - სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი წინაა. ამ მეზობლებს საქართველო საშუალოდ 7.95 ქულით უსწრებს. საქართველოს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად ინდექსი მის ღია და ლიბერალურ ბიზნეს გარემოს მიიჩნევს. ინდექსის შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს საკვების საცალო ბაზარზე - განსაკუთრებით, გასტრონომიული მაღაზიების სექტორში. კვლევის მონაცემებით, თბილისის გარეთ გასტრონომიული ინფრასტრუქტურის მხოლოდ 8%-ია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. GRDI საერთაშორისო რითეილერებიდან გამოყოფს კარფურის ქსელს, ხოლო ადგილობრივებიდან გუდვილს, სმარტს, ნიკორას, იოლს და პოპულის.


ფოტო: www.ohl.com
ინდექსი საქართველოში ტექსტილის წარმოების წარმატებასაც აღნიშნავს. კვლევის მონაცემებით, თბილისის სავაჭრო ცენტრებში 2012 წლის აპრილში ადგილობრივი რითეილ ჯგუფის 16 ახალი მაღაზია გაიხსნა, 2013 წლის ბოლოს კი მათ რიცხვს კიდევ 5 ახალი მაღაზია დაემატება.

ინდექსი აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ ამ მაღაზიების უმეტესობას უცხოური ბრენდების წარმოების და გაყიდვის უფლება აქვს - მათ შორისაა, Marks &Spencer, Promod, Topshop, Banana Republic, Aldo და სხვა.

ერთადერთი მეზობელი, რომელსაც საქართველოს 1.2 ქულით ჩამორჩება თურქეთია. ინდექსის მიხედვით, თურქეთის კონკურენტული უპირატესობებია მაღალი სამომხმარებლო ნდობა და მოთხოვნა და ასევე, ერთ სულზე მშპ-ს საკმაოდ მაღალი დონე. როცა მომხმარებელს თანხის დახარჯვის არ ეშინია, ბაზარი უფრო მრავალფეროვანია და ისეთი სხვადასხვა სექტორები, როგორებიცაა ფუფუნების საგნები, ტანსაცმელი თუ ელექტრონიკა სწრაფად იზრდება - მეტიც, დიდი ქალაქების ფარგლებს ცდება და ბაზრის უფრო დიდ სეგმენტს ითვისებს.

ინდექსის მიხედვით, მიმზიდველობას ინარჩუნებს ე.წ. BRIC ბაზარი (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი), თუმცა თუ ადრე ეს ქვეყნები ერთმანეთთან შეთანხმებით მუშაობდნენ, ახლა მათი გზები გაიყო და თითოეული მათგანი განვითარებას დამოუკიდებლად ამჯობინებს.

სულ უფრო მიმზიდველი ხდება აფრიკის ბაზარიც. იმის გათვალისწინებით, რომ 2100 წლამდე მსოფლიოს 12 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა აფრიკაში იქნება, ფაქტია, რომ კონტინენტს საცალო გაყიდვების კუთხით დიდი შესაძლებლობები გააჩნია მათთვის, ვისაც შეუძლია ბიზნეს და პოლიტიკურ რისკებს თავი გაართვას.

თუმცა, საცალო გაყიდვების კუთხით ყველაზე წარმატებული სამხრეთ ამერიკაა. ბრაზილია, ჩილე და ურუგვაი ინდექსის პირველ სამეულს შეადგენენ.

კომენტარები