ევროტურნირების კენჭისყრა

ევროტურნირებზე ქართული კლუბების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

კენჭისყრა
www.foxsportsasia.com

24 ივნისს ნიონში, უეფას შტაბბინაში, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 2013/14 წლების გათამაშების პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა. დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას მეორე რაუნდში დაიწყებს, თბილისელთა მეტოქე ანდორის ლუსატანსა და ფარერების სტრეიმურის წყვილში გამარჯვებული იქნება. დინამო პირველ შეხვედრას 16 ან 17 ივლისს გამართავს, საპასუხოს კი - 23 ან 24 ივლისს.

გაირკვა ქუთაისის ტორპედოს მეტოქის ვინაობაც. ტორპედო ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სლოვაკეთის ჟილინას დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 4 ივლისს ქუთაისში გაიმართება, განმეორებითი კი სლოვაკეთში - 11 ივლისს.

ევროპალიგაზე დებიუტი აქვს საჩხერის ჩიხურას. საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ეტაპზე, სოსო ფრუიძის გუნდის მეტოქე ლიხტენშტაინის ვადუცი იქნება. საჩხერელები პირველ შეხვედრას 4 ივლისს გამართავენ, საპასუხოს კი - 11 ივლისს.

 

კომენტარები