იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად მეორე ტური გახდა საჭირო

www.parliament.ge

ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილების გამო, არ მიიღოს მონაწილეობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არამოსამართლე წევრების არჩევაში, პარლამენტში მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო

წევრების ასარჩევად პირველ ტურში საჭირო იყო 2/3 კვორუმი, ამ რაოდენობის ხმის მიუღებლობის შემთხვევაში, მეორე ტური ტარდება, სადაც ხმათა უმრავლესობით შესაძლებელია 4 წევრის დამტკიცება, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან შერჩეული ორი კანდიდატი 2/3 კვორუმით უნდა იყოს აუცილებლად დამტკიცებული.

შესაბამისად, ხმათა უმრავლესობით მეორე ტურში 12 კანდიდატი გადავიდა. ესენი არიან: ვახტანგ თორდია, ეკა გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური, გოჩა მამულაშვილი, კახა სოფრომაძე, მამუკა სონღულაშვილი, გია მეფარიშვილი, ევა გოცორიძე, ლევან ხეცურიანი, მადი ჩანტლაძე, როინ მიგრიაული და დავით სულაქველიძე. 

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად კი კვორუმი იყო 76 ხმა, რომელიც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. შესაბამისად, მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 4 კანდიდატი გავიდა. ესენი არიან, ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე, მერაბ ჩიქოვანი, გიორგი ტურაზაშვილი და გიორგი გიორგაძე.

საქართველოს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დამტკიცების საკითხს განიხილავს. ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას საპარლამენტო უმცირესობა არ გეგმავს.  ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ  წარმოდგენილი 35 კანდიდატურიდან ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობას კონსულტაციების გასამართად 10 კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა ქართულმა ოცნებამ უარი თქვა კონსულტაციებზე და შეთანხმებაზე.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვენეციის კომისიისა და საქართველოს სხვა პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ფორმულის თანახმად, უმრავლესობას იუსტიციის საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. კონსულტაციის მიზანს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეთანხმებით არჩევა წარმოადგენდა. ნაციონალური მოძრაობა მზად იყო მხარი დაეჭირა უმრავლესობისთვის სასურველი ნებისმიერი ოთხი კანდიდატურისთვის იმ შემთხვევაში თუ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, შეთანხმება ორ კანდიდატურაზე მოხდებოდა, რომელთა ასარჩევად აუცილებელია ხმათა ორი მესამედი", - განაცხადა ვაშაძემ. 

მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენციამ არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი გამოავლინა. რიგითი მოსამართლეებიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე, თამარ ალანია  და ილონა თოდუა  გახდნენ. კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილი კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი, შოთა გეწაძე და მერაბ გაბინაშვილი  გახდნენ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 მოსამართლე, რომელთაგან შვიდი 2013 წლის 9 ივნისს აირჩიეს, ერთმა მოსამართლემ კი საბჭოში პოსტი შეინარჩუნა. დანარჩენი ექვსი წევრი პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს.

 

კომენტარები