იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

იუსტიციის საბჭო - უმცირესობა უმრავლესობას კონსულტაციებს სთავაზობს

www.parliament.ge

საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ექვსი წევრის ასარჩევად კონსულტაციებს სთავაზობს. პარლამენტარ გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს პარლამენტმა საბჭოს 6 წევრი უნდა აირჩიოს, საიდანაც ორი უმცირესობის კვოტაა და თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, იუსტიციის საბჭო ვერ დაკომპლექტდება. 

"უმრავლესობას ვთავაზობთ, პარლამენტში წარდგენილი 35 კანდიდატიდან 10 პირზე კონსულტაციები გავმართოთ, საიდანაც 6 კანდიდატის შერჩევა მოხდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ის 6 კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს, რომელიც უნდა იქნეს არჩეული", - განაცახდა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენციამ არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი გამოავლინა. რიგითი მოსამართლეებიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე, თამარ ალანია  და ილონა თოდუა  გახდნენ. კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილი კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი, შოთა გეწაძე და მერაბ გაბინაშვილი  გახდნენ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 მოსამართლე, რომელთაგან შვიდი 2013 წლის 9 ივნისს აირჩიეს, ერთმა მოსამართლემ კი საბჭოში პოსტი შეინარჩუნა. დანარჩენი ექვსი წევრი პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები