საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

ჯაფარიძე ბრიტანეთში ელჩის პოსტზე, მისი კანდიდატურის წარდგენაზე უარს ამბობს

wikipedia.org

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენაზე უარს აცხადებს და შესაბამის უწყებას, მისი კანდიდატურის უკან გაწვევის თხოვნით მიმართავს.

"ამ ბოლო პერიოდში უამრავი ახალი და ამავე დროს მწვავე თემა გამოვიდა წინა პლანზე, განვითარდა ბევრი დელიკატური ხასიათის პროცესი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ პროცესებში ძალიან აქტიურად არის ჩართული საგარეო საქმეთა კომიტეტი და პარლამენტის სხვა სტრუქტურები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და აღმასრულებელ უწყებებთან ერთად. გამომდინარე აქედან, მე მივიღე გადაწყვეტილება, სათანადო უწყებამ გამოიწვიოს  ელჩობის კანდიდატობიდან ჩემი კანდიდატურა", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ელჩის დანიშვნის გაჭიანურებული პროცედურა საქართველოს საგარეო პოლიტიკას აფერხებს და დიპლომატიურ კორპუსს "უხერხულ მდგომარეობაში აგდებს".

"დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი ერთი ადამიანის ახირებად იქცა და ეს პროცესი უკვე 5 თვეა, რაც გრძელდება. ეს ყველაფერი უკვე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება და არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი ადამიანის განწყობაზე და დამოკიდებულებზე კონკრეტული ადამიანების მიმართ. პირადად მე არ მინდა, გავხდე ამ უაზრო პოლიტიკანობის, თუ პირადი გაღიზიანების მიზეზი. საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანაში, როგორიც დიდი ბრიტანეთია, უნდა ჰყავდეს ელჩი, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა და პატივისცემა", - აღნიშნა ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, საგარეო უწყებამ ბრიტანეთის ელჩად პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიეტის თავმჯდომარის,  თედო ჯაფარიძის კანდიდატურა შეარჩია. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯაფარიძის კანდიდატურის პარლამენტში წარდგენას ხელი არ მოაწერა. 

კომენტარები