ფინანსთა მინისტრი

ხადური: საინვესტიციო გამოცოცხლებას ზაფხულიდან ველოდებით

financial.ge

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, ჟურნალისტებს შეხვდა. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში "საინვესტიციო გამოცოცხლებას ზაფხულიდან ელოდება".

"ძალიან მალე ამოქმედდება თანადაფინანსების საინვესტიციო ფონდიც, რომლის მოცულობა სულ მცირე 5-6 მილიარდი დოლარი იქნება. ეს თანხა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამდენივე რაოდენობის ფინანსების მოზიდვას და, საბოლოო ჯამში, უახლოეს 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში ინვესტიციების მოცულობა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე - დღეს არის. ინვესტიციებთან დაკავშირებით, პირველი კვარტლის მონაცემები ჯერ არ გვაქვს, თუმცა საინვესტიციო გამოცოცხლება ზაფხულიდან დაიწყება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა მის მიერ განხორციელებულ ვიზიტებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თითოეული ვიზიტი შედეგის მომცემი იყო. 

"ფინანსთა მინისტრის ყველა ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. მაგალითად, მე გამოვედი აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკების ყოველწლიურ შეხვედრებზე. ორივე ამ ორგანიზაციაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი გახლდათ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აუცილებელი იყო მისი იქ ჩასვლა, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ორივე ორგანიზაციაში გაუძღვა სხდომას. რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს, მაგალითად, რუსთავი-თბილისის გზატკეცილის მშენებლობა იყო შეფერხებული, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებით, პრობლემა ერთ დღეში მოგვარდა და აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე ტენდერიც გამოცხადებულია. იგივე ეხება EBRD-ს, ის საქართველოში მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. მე მგონი, ცუდი ციფრი არ უნდა იყოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტებისთვის. ასე რომ, პრემიერმა ჩემს მოგზაურობებზე იხუმრა. ბუნებრივია, ფინანსთა მინისტრის საქართველოდან გასვლის შესახებ პრემიერი ყოველთვის ინფორმირებულია", - აღნიშნა ხადურმა. 

"ხადური ძალიან ბევრს მოძრაობს, მგონი უნდა შეამციროს. ამდენს საგარეო საქმეთა მინისტრი არ დადის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გასულ თვეში, მთავრობის სხდომის დაწყებისას. 

კომენტარები