ლევან კორტავას საქმე

კბილაშვილი: კორტავას საქმეზე უბედური შემთხვევის ვერსია ამ ეტაპზე თითქმის გამორიცხულია

ტაბულა

საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალებაზე უბედური შემთხვევის ვერსია ამ ეტაპზე თითქმის გამორიცხულია. მისი თქმით, საქმეს დასავლეთ საქართველოს პროკურატურა იძიებს.

"გასაგებია, რომ თავდაპირველი ვერსია უბედური შემთხვევის შესახებ ამ ეტაპზე თითქმის გამორიცხულია, ხოლო რა დანაშაულთან გვაქვს საქმე, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, ჩაიდინა პატიმარმა თუ დაწესებულებაში მომუშავე სხვა პირმა, ეს არის ზუსტად გამოძიების საგანი", - განაცხადა კბილაშვილმა.

ლევან კორტავა პირველ ივნისს ფოთში დაკრძალეს. სასჯელაღსრულების სამინისტრომ გეგუთის ნომერ მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. თავდაპირველად მათ თქვეს, რომ პატიმარი კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი მიზეზად პატიმრებს შორის დაპირისპირება მოიყვანეს. ოჯახი მომხდარში ადმინისტრაციას ადანაშაულებს.

საკითხს სწავლობს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენმა ინფორმაცია გამოითხოვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რისი შესწავლის დასრულებისთანავე სპეციალური განცხადება გაკეთდება. ნანუაშვილმა ისიც განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკვეთა პირები, რომელთაც, სავარაუდოდ, ბრალი მიუძღვით მომხდარში.

კომენტარები