არასამთავრობო სექტორი

ეკა გიგაური: უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მიზანშეწონილია ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა

transparency.ge

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ხელისუფლებას მოუწოდებს დაფიქრდეს დიცში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  მიზანშეწონილია თუ არა სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობა.

"საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ რუსეთმა შეაჩეროს თავისი ქმედებები. ასევე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაც და ვფიქრობ, რომ მათაც უფრო აქტიური ქმედებები უნდა გადადგან ამ მიმართულებით. როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეხლა ჩვენ დავფიქრდეთ პროტესტის გარკვეულ ფორმებზე. მაშინ, როდესაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ამას არ აჩერებს და ეს ყველაფერი გრძელდება, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მიზანშეწონილია, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიურ თამაშებში. ამაზე უნდა დაიწყოს დისკუსია და როდესაც რუსეთის მხრიდან ასეთი ურთიერთობა და დამოკიდებულება გვაქვს, ალბათ, ჩვენი მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში მიზანშეწონილი არ იქნება",– განაცხადა  გიგაურმა სოფელ დიცში გამგზავრებამდე.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დღეს, 2 ივნისს  სოფელ დიცში გაემგზავრა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან გეგმავენ შეხვედრას.   

გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ვებგვერდზე გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები და შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების  დარღვევა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად.

მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, უზრუნველყონ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება  2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევის, მოქალაქეების გატაცების ფაქტებისა და საქართველოს საზღვრის ოკუპაციის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები