ვაშინგტონ პოსტი

ვაშინგტონ პოსტი: თუ ივანიშვილი ოპონენტების დევნას გააგრძელებს, დასავლეთის კარი დაიხურება

Washington Post Co.

ვაშინგტონ პოსტმა საქართველოში მიმდინარე პროცესებს სარედაქციო წერილი მიუძღვნა. წერილში სარედაქციო საბჭო საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს დევნას ადარებს და აღნიშნავს, რომ ლაპარაკი იმაზე, თითქოს ბ-ნ მერაბიშვილს პოლიტიკური მიზეზებით არ დევნიან, ისევე სარწმუნოა, როგორც იმის მტკიცება, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ციხეშია პრემიერმინისტრის რანგში ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომების გამო. ვაშინგტონ პოსტი დასავლურ მთავრობებს პასიურობისთვის აკრიტიკებს და მოუწოდებს მათ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ საქართველოსთვის დასავლეთის კარი დაიხურება, თუ ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დევნას გააგრძელებს.

ტაბულა წერილის სრულ თარგმანს გთავაზობთ.

საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია

ვაშინგტონ პოსტი
სარედაქციო საბჭოს წერილი, შაბათი, 1 ივნისი

ბოლო ათწლეულის მანძილზე, ავტორიტარული მთავრობების წინაღმდეგ სახალხო აჯანყების შემდეგ, საქართველო და უკრაინა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის გამოირჩეოდნენ ლიბერალური დემოკრატიისა და დასავლეთში ინტეგრაციისაკენ სწრაფვით. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი რესურსები და დიპლომატია მიუძღვნეს მათი, ზოგჯერ მერყევი, პროგრესის წახალისებას და რუსეთის ძირგამომთხრელი მცდელობებისგან დაცვას. სამწუხაროდ, მთელი ეს სამუშაო ახლა ლამისაა წყალში ჩაიყაროს. 2010 წლის დემოკრატიული არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ზედამხედველობს მისი მთავარი ოპონენტის დევნასა და პატიმრობას, რითიც ევროკავშირი აიძულა, შეეჩერებინა ასოცირების შეთანხმება.

ახლა საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი, რომელმაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერები დაამარცხა, იმავე გზას დაადგა. წინა კვირას სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი გამოყენების ბრალდებით გირაოზე უარი უთხრეს და დააპატიმრეს პოსტრევოლუციური მთავრობის პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მასთან ერთად ბრალი წაუყენეს ყოფილი მთავრობის შრომის მინისტრს, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორია. ბ-ნი იანუკოვიჩის მსგავსად, ახალი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არწმუნებს თანამოქალაქეებს, რომ ეს პოლიტიკური დევნა დასავლეთთან ურთიერთობებს ზიანს არ მიაყენებს. სამწუხაროდ, არც ობამას ადმინისტრაციას და არც ბრიუსელს ამის ღია უარყოფა არ მოუხდენიათ.

სახელმწიფო დეპარტამენტისა და ორი ევროკომისრის მოზომილი განცხადებები არ აპროტესტებს ბ-ნი მერაბიშვილის დაპატიმრებას, მიუხედავად იმისა, რომ ის ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი და საპრეზიდენტო კანდიდატია არჩევნებში, რომელიც წელს მოგვიანებით უნდა გაიმართოს. ამის ნაცვლად დასავლურმა მთავრობებმა თქვეს, რომ „ყურადღებით“ აკვირდებიან პროცესს და იმედოვნებენ, რომ კანონის უზენაესობა დაცული იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტმა ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, თავიდან აიცილოს „პოლიტიკური ანგარიშსწორების შთაბეჭდილება ან რეალობა“ - პირობა, რომელიც ბ-ნმა ივანიშვილმა უკვე დაარღვია. „სამწუხაროა, თუ ასეთი პრეზიდენტობის კანდიდატი დავკარგეთ“ - იყო მისი სარკასტული და ცინიკური კომენტარი მეტოქის დაპატიმრებაზე.

საქართველოს წინა მთავრობა ბ-ნი მერაბიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გვერდს უვლიდა კანონს და ზოგჯერ ოპონენტებსა და მედიაზე ზეწოლას ახდენდა. მაგრამ ამ წყვილმა უზრუნველყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები და სწრაფად აღიარა მარცხი იმ არჩევნებში, რომლებმაც ბ-ნი ივანიშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში. ლაპარაკი იმაზე, რომ ბ-ნ მერაბიშვილს პოლიტიკური მიზეზებით არ დევნიან, ისევე სარწმუნოა, როგორც იმის მტკიცება, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ციხეშია პრემიერმინისტრის რანგში ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომების გამო.

ბ-ნ ივანიშვილს, რუსეთში გამდიდრებულ მილიარდერს, შეეძლო ბ-ნი სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის სანაცვლოდ არ დაეშვა წინა რეჟიმის წარმომადგენელთა დევნა და ფოკუსირება მოეხდინა წინა წლების სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე. ამის ნაცვლად, ეკონომიკა გაჩერდა, მაშინ როცა ახალი მთავრობა ოპონენტებს თავს ესხმის სასამართლოებსა და ქუჩაში.

ბევრი ქართველი, რომელმაც ხმა მისცა ბ-ნი სააკაშვილის მმართველობის დასრულებას, გმობს ამგვარ ტაქტიკას. მიუხედავად ამისა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ძლიერი სახალხო მხარდაჭერა ვარდების რევოლუციის მყარი მემკვიდრეობაა. დროა, ევროკავშირის ლიდერებმა, ისევე როგორც ობამას ადმინისტრაციამ, ნათელი გახადოს, რომ ბ-ნი ივანიშვილის მიერ მთავარი პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაგრძელების შემთხვევაში ეს კარები დაიხურება.

კომენტარები