ბრიუსელში ვიზიტად მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის, დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი არ უნდა იყოს იმუნიტეტი. მისი თქმით, კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს.
"წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარღვევ კანონს, 4, 5 ან 10 წლის შემდეგ კი, როდესაც შესაძლოა ეს მთავრობა აღარ იყოს, ახალმა ხელისუფლებამ აღმოაჩინოს ჩემი დანაშაული. მე მაქვს თქვენთან კითხვა - უნდა დამკითხონ და დამაპატიმრონ, თუ არა? იმ შემთხვევაში, თუ ვიღებდი ქრთამს და ვიყენებდი ვინმეს უძრავ ქონებას, მისი ნებართვის გარეშე და თუ მედება ბრალი ვინმეს მკვლელობაში, უნდა დავისაჯო თუ არა? შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი არ უნდა იყოს იმუნიტეტი, ყველა უნდა იყოს პასუხისმგებლობით აღსავსე და კანონზე ზევით არავინ უნდა იდგეს. სწორედ ასე გვესახება დემოკრატია. არავინ იქნება პრივილეგირებული ამ ქვეყანაში და ესაა სწორედ ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი მერაბიშვილის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს და მის დაკავებას სამართლიანობის აღდგენის ნაწილად განიხილავს. "როდესაც კანონდარღვევისთვის დავაპატიმრე საკუთარი მოადგილე, რატომ არ შეიძლება დავაკავოთ თუნდაც ყოფილი მინისტრი ან პრემიერმინისტრი, თუ გაირკვევა, რომ მან კანონი დაარღვია?! ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დააპატიმრებენ, თუ არა მას. ჩვენ საქართველოს მოსახლეობამ აგვირჩია, რომელიც სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. 2011 წლის 26 მაისს ქუჩაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი?! ხალხი გვთხოვს სამართლიანობის აღდგენას. ამ გარდაცვლილი ადამიანების მშობლები ქუჩაში არიან გამოსულები და პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით პროკურატურის წინ რიგში დგანან. მათ ასევე შეხვედრა უნდათ ჩემთან, მე რა პასუხი შემიძლია გავცე?! რომ ვერ დავაპატიმრებ ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს და ვერ აღვადგენ სამართლიანობას იმიტომ, რომ ეს ყოველივე პოლიტიკური საკითხია და სენსიტიური თემაა? ეს სამარცხვინო ფაქტი იქნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





