ნინო ბურჯანაძე – 26 მაისი

გარდაცვლილი პოლიციელის დედა: ნინო ბურჯანაძე ჩემი შვილის მკვლელია

ნინო ბურჯანაძე
primerinfo.com

ნინო ბურჯანაძე არის ჩემი შვილის მკვლელი, ის ჩემი შვილის სისხლს ვერ ჩამოირეცხავს, - ამის შესახებ განცხადება 2011 წლის 26 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედამ, ანა აზაურაშვილმა გააკეთა. 
ანა აზაურაშვილმა პრესკონფერენცია პირველი რადიოს რადიოკლუბში გამართა და 26 მაისის ღამის დეტალები გაიხსენა.  

"ბურჯანაძე არის ჩემი შვილის მკვლელი, ის ვერ ჩამოირეცხავს სისხლს და ნუ ადებს ხელს ნურავის, ნურც ვანოს. მან გამოიწვია სისხლისღვრა. ღამის 12 საათამდე ჩემს შვილს ტელეფონით ველაპარაკებოდი, 12 საათზე კი უკვე ვეღარ დავრეკე, პირველის 15 წუთისთვის ის უკვე გარდაცვლილი იყო. როდისღა მოასწრო ინსცენირება ვანო მერაბიშვილმა, როდისღა მოკლა ჩემი შვილი, როდისღა მოასწრო თეატრალიზებული წარმოდგენა? ეს ხომ აბსურდია. უბრალოდ, ის გარბოდა ვირთხასავით, თავისთვის და თავისი ოჯახისთვის უნდა ეშველა. სწორედ ამ დროს გაიტანა ჩემი შვილი. მე არ ვიცი ზუსტად ვინ იჯდა საჭესთან, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის ოჯახი იყო", - განაცხადა აზაურაშვილმა.

ანა აზაურაშვილს პრეტენზიები ახალ ხელისუფლებასთანაც აქვს. ის აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ალექსანდრე ბიბილურის პოლიტპატიმრად ცნობა და ციხიდან გამოშვება უკანონო იყო. 

აზაურაშვილი მთავრობას მოუწოდებს, "ბესელიას და კაკაბაძის დაკრულზე ნუ იცეკვებენ".

კომენტარები