კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი

კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ჟურნალისტების უპრეცედენტო რაოდენობა იმუშავებს

კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი
kaladzetribute.com

დინამო არენას მედიაცენტრში კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კვარაცხელიას თქმით, მატჩის გაშუქების სურვილი ჟურნალისტების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გამოთქვა: დინამო არენას პრესლოჟაში მხოლოდ 160 ადგილია, შეხვედრაზე დასწრების და აკრედიტაციის მიღების სურვილი კი 419-მა ჟურნალისტმა გამოთქვა. საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, პრიორიტეტი სპორტულ ჟურნალისტებს მიეცემათ, მათ, ვინც მუდმივად აშუქებს ქართულ სპორტს.

"რამდენიმე ისეთმა ადამიანმა გამოაგზავნა განაცხადი, ვეჭვობ, რომ სტადიონის ზუსტი მისამართი იცოდნენ. შედარებისთვის, ჩემპიონთა ლიგის ახლახან გამართულ ფინალზე, დაახლოებით 150 ჟურნალისტი იმყოფებოდა, ჩვენთან კი ამ მატჩისთვის 419 ჟურნალისტის სურვილი უნდა დავაკმაყოფილოთ", - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, შეხვედრას საერთაშორისო რანგის მნიშვნელოვანი სტუმრები დაესწრებიან, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და ენერგეტიკის მინისტრები. აქედან გამომდინარე, 31 მაისს იმუშავებს ოთხი სახის დაცვა: სტადიონის, ქალაქის, სტუმრების პირადი დაცვის სამსახურები და კრიმინალური პოლიცია.

კომენტარები