სირიის კონფლიქტი

რუსეთი: რუსული შეიარაღება სირიას გარეშე ჩარევისგან დაიცავს

С-300
warfare.be

რუსეთი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმს С-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს მიაწვდის.

28 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა აღშფოთება გამოთქვა ევროკავშირის გადაწყვეტილებით სირიისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს გაუქმების შესახებ, რაც ევროპის ქვეყნებს საშუალებას აძლევს სირიის ოპოზიციას შეიარაღება მიაწოდონ.

„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სამწუხარო ნაბიჯი გადადგეს და ორმაგ სტანდარტებს იყენებენ. არ შეიძლება, ერთის მხრივ ამბობდე, რომ სისხლისღვრის შეჩერება გინდა, მეორეს მხრივ კი სირიაში უფრო მეტი შეიარაღების შეტანას შეუწყო ხელი“,  - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისი  განცხადებით, ევროკავშირის პოზიცია კონფლიქტის გამწვავებას შეუწყობს ხელს. სირიის რეჟიმისთვის რუსული შეიარაღების მიწოდება კი, მოსკოვის აზრით, შემაკავებელი ფაქტორი გახდება და სირიას გარეშე ჩარევისგან დაიცავს.  რიაბკოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია შეიარაღებით ამარაგებს სირიის კანონიერ მთავრობას,  რომელსაც „აქვს უფლება ეს შეიარაღება მიიღოს მაშინ, როდესაც მეორე მხარესაც იარაღს აწვდიან“.

მან აღნიშნა, რომ სირიისთვის С-300 კომპლექსების მიწოდება რამდენიმე წლის წინ გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში ხდება. „ჩვენ ამ ქვეყნის მთავრობას თავდაცვით იარაღს ვაწვდით. ამ იარაღის მიწოდება მასტაბილიზებელი ფაქტორი იქნება  და ზოგიერთ გახურებულ თავს დაამშვიდებს და აიძულებს თავი შეიკავონ ამ კონფლიქტში  გარეშე ჩარევისაგან“,  - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.  

ოფიციალური მოსკოვის განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას მოჰყვა. ბრიუსელის მინისტერიალზე ისინი სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ. ბრიტანეთისა და საფრანგეთის წინადადება ამის შესახებ გაერთიანების სხვა წევრებმა არ მიიღეს. თუმცა, მინისტრებმა  კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღეს  - სანქციები სირიის წინააღმდეგ, მათ შორის სავიზო და ეკონომიკური, რომლებსაც ვადა 1 ივნისს გასდიოდა, კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.  თუმცა, შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგო მოიხსნება.

ევროკავშირის  საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის  კეტრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირის წევრები ამ ეტაპზე სირიის ოპოზიციისთვის შეიარაღების მიწოდებისგან თავს შეიკავებენ. „საბჭო ამ საკითხის განხილვას 2013 წლის აგვისტოში დაუბრუნდება, მას შემდეგ რაც უმაღლესი წარმომადგენლის ანგარიშს შეისწავლის, ასევე გაეროს გენერალურ მდივანთან კონსულტაციების შემდეგ“,  - განაცხადა ეშტონმა. მისი თქმით,   სახელმწიფოებს შეუძლიათ საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის საერთო პოლიტიკა აღარ არსებობს.  

იარაღზე ემბარგოს მოხსნას დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ითხოვდნენ,  წინააღმდეგ  შვეიცარია და შვედეთი გამოდიოდნენ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება „ის შედეგია, რის მიღწევაც გვსურდა“. მის თქმით, სამომავლოდ ევროკავშირი სირიის საკითზე „საერთო წესებზე“ უდნა შეთანხმდეს. „ეს ძალიან რთული საკითხია და ამის თაობაზე უთანხმოებები არსებობს. მაგრამ, დრეს ჩვენ ისინი დავძლიეთ, რაც სამომავლოდ კარგი საფუძველია“,  - განაცხადე ჰეიგმა. 

კომენტარები