გიგი უგულავა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისი მერი, გიგი უგულავა მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.  განცხადებაში რომელიც მის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ 26 მაისი არა პოლიტიკური შინაარსის, არამედ ეროვნული ღირსების და თავისუფლების სიმბოლოა. "

ძვირფასო თბილისელებო, ჩემო თანამემამულენო, დღეს, დედაქალაქი და მთელი ქვეყანა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, ამით ქართველებმა მსოფლიოს ვამცნეთ, რომ გვსურს "ვიდგეთ ერად სხვა ერთა შორის".
სამწუხაროდ, საქართველოს პირველი რესპუბლიკა ხანმოკლე აღმოჩნდა. მოღალატეთა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთა მოქმედების შედეგად, ქვეყანამ დამოუკიდებლობა სულ მალე დაკარგა, ხოლო სისხლისმღვრელ ბრძოლებს თბილისის მისადგომებთან უამრავი გულანთებული მამულიშვილი შეეწირა.
სრული ოკუპაციისა და ანექსიის მიუხედავად, მტერმა ვერ შეძლო 26 მაისის იდეალთა განადგურება. 
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დღეს, ქართველი ერი არავის მისცემს უფლებას, პოლიტიკური ეგოიზმითა და სიბეცით ნაკარნახევი მოქმედებით, დაამცირონ უზენაესი სახელმწიფოებრივი ღირებულებები, საფრთხე შეუქმნან ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ევროპულ ორიენტაციას. 
მრავალი საფრთხის მიუხედავად, 26 მაისს დაფუძნებული და წლების შემდეგ აღორძინებული დემოკრატიული ქართული სახელმწიფო იმდენად მტკიცე საძირკველს ეყრდნობა, რომ მის შერყევას ვერავინ შეძლებს. ამის გარანტი ვართ ჩვენ - საქართველოს მოქალაქენი, მათ შორის თბილისელები, ვისთვისაც 26 მაისი არა პოლიტიკური კინკლაობის თუ წვრილმანი ინტრიგების, არამედ ეროვნული ღირსების, ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლოა.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ამ ნათელ დღესასწაულს, გისურვებთ ბედნიერებასა და ქვეყნის წინსვლას,"-ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარები