სასულიერო პირების დაკავება

ეკა ბესელია: იმედი მაქვს, სასულიერო პირების მიმართ გამოძიება იქნება სამართლიანი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ გამოძიება სამართლიანი იქნება 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ძალადობაში ბრალდებული ორი სასულიერო პირის მიმართ.

"დაველოდოთ გამოძიებას, ეს პროცედურები ჯერ არ დასრულებულა. დეტალურად არ ვიცით, სასულიერო პირების დაკავებას წინ რა ფაქტები უსწრებდა. მისი უწმინდესობის განცხადება მოვისმინეთ, რომ საპატრიარქო არ დაუშვებს რაიმე ტიპის ძალადობას. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები არ არის დასრულებული. იმედი მაქვს, რომ როდესაც სასულიერო პირებს ეხება საქმე, გამოძიება იქნება სამართლიანი და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან კომენტარში.

საგულისხმოა, რომ შსს-მ მხოლოდ ბრალი წაუყენა და არ დაუკავებია 17 მაისს მომხდარ ძალადობაში ბრალდებული ორი პირი - სამების ტაძრის არქიმანდრიტი, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილი და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაია. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებათ ბრალი.

კომენტარები