სასამართლო სისტემა

კუბლაშვილი: მოსამართლე არავის წინაშეა ანგარიშვალდებული

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს, 22 მაისს ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებს აირჩევენ, 9 ივნისს გაიმართება.

"პროცესი ძალიან ორგანიზებულად მიმდინარეობს, რათა მოსამართლეთა კონფერენცია ჩატარდეს ღიად და გამჭვირვალედ. ჩვენი მიზანია, არჩევნები მაქსიმალური საჯაროობის პირობებში წარიმართოს. გარდა ამისა, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც კონფერენცია მიიღებს, მოსამართლეთა გადაწყვეტილება იქნება და არავის აქვს ამ პროცესში ჩარევის უფლება", - განაცხადა კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, სასამართლო სისტემა ძალიან ახლოს დგას საბოლოო დამოუკიდებლობასთან. მან კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტიდან რამდენიმე ნორმა ამოიღო. ერთი მხრივ, უშუალოდ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა შენიშვნების გათვალისწინებით, ხოლო მეორე მხრივ ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე.

"თუმცა დარჩა ის ვარიანტი, რომელიც სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის შენიშვნებს. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა. ახლა დგას ის მომენტი, როცა სასამართლო ძალიან ახლოს დგას საბოლოო დამოუკიდებლობასთან. ეს არის ისტორიული შანსი, რაც ახალ სასამართლო სისტემას და თითოეულ მოსამართლეს მიეცა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეულნი იქნებიან ისეთი მოსამართლეები, რომელიც იზრუნებენ სასამართლო სისტემაზე, სასამართლოს გარანტიებზე და სწორედ ეს შეუწყობს ხელს, რომ სასამართლო სისტემის მიმართ არავითარი ჩარევა და რაიმე ზეწოლა არ მოხდეს, ხოლო თუ ასეთ რამეს ექნება ადგილი, მკაცრად გაეცეს პასუხი", - განაცხადა კუბლაშვილმა.

კოტე კუბლაშვილმა ისაუბრა კონსტიტუციის იმ ჩანაწერის ამოქმედების მნიშვნელობაზეც, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ითვალისწინებს.

"ეს იქნება ბოლო წერტილი, როცა სასამართლოს ყველა პირობა ექნება იყოს დამოუკიდებელი", - განაცხადა კუბლაშვილმა.

ბრიფინგზე კოტე კუბლაშვილი სასამართლოს მხრიდან აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების საკითხსაც შეეხო, მისი თქმით, ამ ღონისძიების გამოყენების შემცირება ბოლო თვეების განმავლობაში კი არ დაიწყო, არამედ 2010 წლიდან. საილუსტრაციოდ მან სტატისტიკაც მოიშველია. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 43%-ზე ჩამოვიდა პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების პრაქტიკა.

რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს, ამ კონტექსტში კუბლაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეები არავის წინაშე არ არიან ანგარიშვალდებული.
"არავის არ აქვს უფლება თქვას, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. კონკრეტული მოსამართლე, რომელიც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს არავის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. ის არ არის ანგარიშვალდებული არც ჩემ, არც პრემიერმინისტრის, არც პრეზიდენტის და არცერთი ნებისმიერი სხვა პირის წინაშე. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ პროცესში ჩაერევა, იქნება კანონდამრღვევი და ამაზე ყველაზე მკაცრი რეაქცია პირადად მე მექნება. ამიტომ ყველას ვაფრთხილებ, რომ ასეთი ქმედება არ განახორციელონ. მოსამართლე მოისმენს საქმის გარემოებებს და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. ვისაც არ უნდა ეწყინოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს წყენა გულში უნდა დამალოს, ხოლო თუკი ღიად გამოხატავს საკუთარ უკმაყოფილებას, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ცივილიზებული წესით", - განაცხადა კუბლაშვილმა.

კომენტარები