მართლმსაჯულება

ჰამარბერგი: მართლმსაჯულების კომისია პოლიტიკურ მიზნებს არ უნდა ემსახურებოდეს

www.radiotavisupleba.ge

მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია მართლმსაჯულების სისტემის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს და არა - პარალელური მართლმსაჯულების ინსტრუმენტი, - ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა საქართველოს მთავრობისთვის სამართლებრივ, კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამარბერგმა.

მისი თქმით, კომისიის წევრები არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები ან რომელიმე პარტიის წარმომადგენლები. ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ აუცილებელია კომისია პროფესიონალებით დაკომპლექტდეს და ემსახურებოდეს ჭეშმარიტებას და არა - პოლიტიკურ მიზნებს.

"ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, უნდა ჰქონდეთ საქმეების გადახედვის აუცილებლობა. აქამდე საპროცესო გარიგება იყო ერთადერთი მექანიზმი, რომელზეც თანხმობას ადამიანები ხშირ შემთხვევაში იძულებით აცხადებდნენ. ვფიქრობ, ადამიანებს, თუ მათ მიმართ დაირღვა სამართლიანობა, უნდა მიეცეს საშუალება გადაიხედოს მათი საქმეები, რათა აღდგეს სამართლიანობა", - აღნიშნა თომას ჰამარბერგმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შესახებ კანონპროექტი გამოაქვეყნა.

კომენტარები