შსს

საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

დღეს, საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ღონისძიებებს გამართავს. იგეგმება სიახლეების პრეზენტაცია და  პოლიციელების დაჯილდოება.

ნინო გიორგობიანის განცხადებით, დღეს შედგება პოლიციელის ახალი ფორმის, სამხრე ვიდეოკამერის, ახალი ჟეტონის, ავტომანქანების, ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორის და ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია. სამინისტრო ასევე წარმოადგენს ინოვაციურ სიახლეებს.

რაც შეეხება პოლიციელების დაჯილდოებას, თბილისში დაჯილდოვდება 50 პოლიციელი, რეგიონებში პოლიციელებს სამხარეო სამმართველოების უფროსები დააჯილდოებენ.

შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კარალეთში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზას ეწვევა, სადაც ბაზის 11 თანამშრომელს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მედლებს გადასცემს.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული დელეგაციებიც დაესწრებიან. 

შეგახსენებთ, საქართველოში პოლიციის დღე 6 მაისს აღინიშნება, თუმცა, შსს-ს განმარტებით, წელს ღონისძიება აღდგომის დღესასწაულის დღეებს დაემთხვა და 19 მაისისთვის გადაიდო.

კომენტარები