ერთიანი სასაზღვრო რეჟიმის დაწესების საკითხი

უსუფაშვილი ერთიანი სასაზღვრო რეჟიმის დაწესების საკითხზე კონსულტაციებისთვის მზადაა

 პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა, სახელმწიფო საზღვრის მთელს პერიმეტრზე ერთიანი სასაზღვრო რეჟიმის დაწესების საკითხზე უმცირესობასთან კონსულტაციები გამართოს .

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის განხილვის გარშემო პარლამენტში წარმართული პროცესები, რომელიც რამდენიმე სასესიო დღის განმავლობაში გაგრძელდა, უსუფაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან შეაჯამა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი უმცირესობის მხრიდან პროტესტის მთავარი საგანი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრის დანარჩენ მონაკვეთებს შორის სხვადასხვა რეჟიმის არსებობაა, მზად არის საზღვრის ერთიანი რეჟიმის შემოღების საკითხზე მსჯელობისათვის.

"ის, რაც ბოლო დღეებში პროექტის განხილვის დროს ხდებოდა, ის მოსაზრებები, რაც ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ, პირადად ჩემთვის იყო და რჩება გაუგებრად. ის, რაც ოპონენტების მხრიდან ითქვა, ერთ კონკრეტულ საკითხამდე დაიყვანება. ყველა ვთანხმდებით, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის დეკრიმინალიზაცია და ასეთი ქმედების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება არ ხდება. ადმინისტრაციული სახდელი ისეთივე სანქციაა, როგორც არასწორი ქმედებისთვის, კანონის დარღვისთვის გამოსაყენებელი სხვა ტიპის სანქციები, რაც ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში არსებობს. შესაბამისად, თემა, რომ საზღვრის გადმოკვეთა ხდება დაუსჯელი, საერთოდ არ დგას. ასევე საერთოდ არ დგას საკითხი იმის შესახებ, რომ თუ საზღვრის გადმოკვეთასთან ერთად, ვინმე რაიმე სხვა დანაშაულს ჩადის - მოდის იარაღით, ნარკოტიკით ან ქვეყნის ასარევად, ასეთი დანაშაულის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. როგორც დავასკვენი, ჩვენი ოპონენტების მხრიდან პოზიცია ასე გამოიყურება: პრობლემა ის კი არ არის, რომ კონფლიქტისპირა რეგიონების მიმდებარე საზღვრის მონაკვეთის გადმოკვეთისას თუ ვინმე ნაკლებად დაისჯება, პრობლემაა ის, რომ იქმნება დისპროპორცია სხვა მონაკვეთებთან მიმართებაში. უაზრო რიტორიკიდან თუ გამოვწურავთ რამეს, დაიყვანება აქამდე, რომ ქვეყნის მთელი საზღვარი იყოს ერთიან რეჟიმში. იოტისოდენა ეჭვი რომ მქონოდა, რომ ოდნავ განსხვავებული რეჟიმის დაწესებით, ქვეყანას რაიმე ტიპის პოლიტიკური, სამხედრო, თუ სხვა რაიმე სახის საფრთხე ექმნება, რა თქმა უნდა, კანონპროექტის შემოტანის პირველივე ეტაპზე ამ პროექტის წინააღმდეგი მეც ვიქნებოდი. პროექტის ლოგიკა სწორედ იმაშია, რომ ამ მონაკვეთებზე მართლაც განსხვავებული ვითარებაა - ჩვენ იმ საზღვრებს მართლაც ვერ ვაკონტროლებთ და ამის არაღიარება, ვერ შემჩნევა, არ დანახვა, თვალების დახუჭვა, ეს იმ ილუზიებში ცხოვრების გაგრძელებაა, რომელშიც ჩვენი ოპონენტები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ ასე ეცხოვრებინათ ქართველი ხალხი. როდესაც ვამბობთ, რომ პრაგმატულ პოლიტიკას მივყვებით, ეს ნიშნავს, რომ შედეგი გვაინტერესებს და არა პიარი და გულზე მჯიღის ცემა, რაც ზუსტად ასეთ საკითხებში გამოიხატება. ამიტომ იყო და ამიტომ არის, რომ წარმოდგენილ პროექტს მხარს ვუჭერ. ამასთან, პირადად მე, მზად ვარ, თუ ოპონენტების მხრიდან საუბარია საზღვრის ერთიანი რეჟიმის შემოღებაზე, ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა და კონსულტაციები გავმართო", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ჩვენ სერგო ორჯონიკიძეობა ძალიან გაგვიჭირდება, რადგან თქვენ ეს უკვე მოახერხეთ", - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მიმართა. "თქვენ სერგო ორჯონიკიძეობა თქვენი ცხრაწლიანი უგუნური პოლიტიკით უკვე მოახერხეთ - რუსეთი დაბრუნდა საქართველოში. რუსული ჩექმა, რუსული ბაზები დაბრუნდა საქართველოში. თქვენმა ორჯონიკიძეობამ შესაძლებელი გახადა ის, რომ საქართველომ დამატებით დაკარგა ტერიტორიები - კოდორი, ახალგორი. ათასობით დევნილი მძიმე დღეშია. მოახერხეთ ის, რომ ამ უაზრო ომში არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ძალები შეალეწეთ, არამედ ამ მიმართულებით თქვენმა უგუნურმა პოლიტიკამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ამ ყველაფრის გამოსწორებას ჰოლივუდის ფილმით ცდილობდით. გაგვიჭირდება ორჯონიკიძეობა იმიტომ, რომ ეს ადგილი დაკავებულია - ეს თქვენ მოახერხეთ და შეძელით", - მიმართა უსუფაშვილმა უმცირესობას.  

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა, რასაც დეპუტატებმა ოთხი სასესიო დღე მოანდომეს, პარლამენტმა დღეს დაასრულა.

კომენტარები