ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტი

შოთა მალაშხია: აღნიშნული ცვლილება შექმნილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყნის ტურისტებმა დაისვენონ

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში შესატანი ცვლილებების პროექტი მთავრობამ ან უკან უნდა გაიტანოს ან ის ცვლილებები შეიტანოს, რასაც უმცირესობა ითხოვს, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა შოთა მალაშხიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

"უმრავლესობამ ან უკან უნდა გაიტანოს კანონპროექტი, ან კიდევ ის ცვლილებები შემოიტანოს, რასაც უმცირესობა ითხოვს. აღნიშნული ცვლილება შექმნილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყნის ტურისტებმა დაისვენონ, სადაც გაგრის ფეხბურთის მოედანზე, ადამიანების თავით თამაშობდნენ. ამ ადამიანების სახლებში მოწყობილია სასტუმროები. რაც დღეს ხდება პარლამენტში, ამდაგვარი რამ არ გაუკეთებია ორჯონიკიძის ხელისუფლებას“, - განაცხადა მალაშხიამ.

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელსაც პარლამენტი პირველი მოსმენით რამდენიმე დღეა იხილავს, ოკუპირებული რეგიონებიდან სახელმწიფო საზღვრის კანონის გვერდის ავლით გადმოკვეთის შემთხვევაში, პირს პირველ ჯერზე ადმინისტრაციული ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით დაეკისრება, განმეორების შემთხვევაში კი - სისხლის სამართლებრივი ჯარიმა ან ერთ წლამდე პატიმრობა.

კომენტარები