”რუსთავმეტალის” საქმე

"რუსთავმეტალის" უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გახსნილია

შპს "რუსთავმეტალის" უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გახსნილია. როგორც დღეს ბრიფინგზე მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათთან დაკავშირებულ პირთა მიერ ორგანიზებული კორუფციის გამოვლენის მიზნით.

პროკურატურის განცხადებით - "ამ ღონისძიების ფარგლებში გახსნილია შპს "რუსთავმეტალის" მიერ საქართველოდან სილიკო-მანგანუმის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის მხოლოდ ერთ ეპიზოდში დადგენილი და დადასტურებულია დაახლოებით ორნახევარი მილიონი ლარის გათეთრების ფაქტი. დასახელებული კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია ქალაქ რუსთავის მოქმედი მერის, ლაშა მინდელის ძმა მინდია მინდელი". 
 მათივე ცნობით, საწარმოს წარმომადგენელთა მიერ საგარეო ეკონომიკური ოპერაციების დროს მიღებული მოგების დამალვის მიზნით, ყალიბდებოდა ექსპორტის ამსახველი დოკუმენტები, ნამატი უკანონო შემოსავლები ირიცხებოდა მათ მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის ანგარიშზე და შპს "რუსთავმეტალს" უბრუნდებოდა ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც სესხის სახით მიღებული თანხა. 

"შემდგომ ეტაპზე უკანონოდ ფულის წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელები ქმნიდნენ ყალბ დოკუმენტებს სესხის გასტუმრების თაობაზე, რომელთა მიხედვითაც თანხები თითქოსდა კრედიტორს უბრუნდებოდა ნაღდი ფულით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სინამდვილეში აღნიშნული თანხების ნაწილი გამიზნული იყო წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ საწარმო რომლის ბრუნვა 200 მილიონზე მეტ ლარს შეადგენდა, უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ერთხელ არ შემოწმებულა", - აღნიშნავენ პროკურატურაში. 

 პროკურატურის ინფორმაციით, მითითებული თანამდებობის პირების ვინაობა უახლოეს მომავალში ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობებზე პასუხის მიღების შემდეგ დადგინდება. საქმის გამოძიება გრძელდება.

 

კომენტარები