სახელმწიფო და ეკლესია

კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების კომისიას ივანიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიები შემადგენლობათა ცვლილებას განიცდიან. გაიზარდა სამუშაო ჯგუფთა რაოდენობა და მან ხუთის ნაცვლად, რვა შეადგინა. 18 აპრილის დადგენილებით, პრემიერი ივანიშვილი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომისიის წევრთა სია გადახალისდა, მის შემადგენლობაში მართლმადიდებელი ეკლესიის უმარლესი იერარქია, სპეციალისტები და მინისტრები შევიდნენ. რვა სამუშაო ჯგუფიდან, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხუთის შემადგენლობაში შედის. 

კომისიის შემადგენლობაში შედიან შემდეგი სამუშაო ჯგუფები:

ქონებრივი საკითხების განმხილველი და ეკლესიის ეკონომიკური საქმიანობისათვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემქმნელი სამუშაო ჯგუფი;

XIX და XX სს-ში (საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში) ეკლესიისათვის მიყენებული ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფი;

სახელმწიფო მუზეუმებში დაცული საეკლესიო საგანძურის და ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების მოვლა-პატრონობის რეჟიმის დამდგენი სამუშაო ჯგუფი;

კანონით დადგენილი წესით ჯვრისწერის აღიარების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი;

სამხედრო საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი;

განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი;

საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საპატრიარქოს სამართლებრივი სტატუსის და იქ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების მოვლა-პატრონობისა და საკუთრების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი;

რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა წარმომავლობის დამდგენი სამუშაო ჯგუფი.

 

კომენტარები