კულტურული მემკვიდრეობა

იშხანში ქართველი სპეციალისტები 17 აპრილს ჩავლენ

კულტურის მინისტრის მოადგილის, მარინე მიზანდარის თქმით, 17 აპრილს იშხანს ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ესტუმრება. მასში ათი ექსპერტი შევა, რომლებიც სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.

„ისინი შეისწავლიან არსებულ ვითარებას, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომელსაც თურქეთის მხარე გაითვალისწინებს. ეს სიტყვიერად 14 თებერვალს, ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრისას ანკარაში იყო შეთანხმებული, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რაბათზე განსახორციელებელი ცვლილებების გამო ეს ხელშეკრულება გააჩერა. ამიტომ დავრჩით ყოველგვარი ლეგალური ფორმატის გარეშე. ამიტომაც სათუო იყო გუშინდელი შეთანხმება. თურქეთს რომ კეთილი ნება არ გამოეხატა, ჩვენ არანაირი იურიდიული საფუძველი, გარდა პრემიერების სიტყვიერი შეთანხმებისა არ გვქონდა“, - ამბობს მიზანდარი.

როგორც გუშინ ანკარაში გამართულ მოლაპარაკებებზე გაირკვა, თურქული მხარე თანახმაა, ყველა აუცილებელი ხარჯი თავად გაიღოს, თუმცა ქართულმა მხარემ მას ასევე შესთავაზა ფინანსური მხარდაჭერა.

იშხანზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმაც გააკეთა. ბუბა კუდავა მიიჩნევს, რომ თურქეთში ქართველ სპეციალისტთა ჩასვლამდე აუცილებელია საქართველოდან მუდმივ მონიტორინგს გარკვეული ჯგუფი აწარმოებდეს, ფოტო და ვიდეო მასალების ფიქსაციის მიზნით.  წინააღმდეგ შემთხვევევაში, სამეცნიერო თვალსაზრისით საინტერესო მასალა განადგურდება. საგანგებო პრესკონფერენციაზე კუდავამ ასევე განაცხადა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია, ქართველი სპეციალისტების ჩასვლამდე ყოველგვარი სამუშაოები შეჩერდეს.

სარესტავრაციო პროექტის შემქმნელი თურქული კომპანიის განცხადებით, იშხანზე მიმდინარე სამუშაოები მომავალი კვირის ორშაბათამდე შეჩერდება. ამასთან დაკავშირებით არქიტექტორის ისტორიკოსმა, დავით ხოშტარიამ შეშფოთება გამოთქვა, რადგან ძნელი წარმოსადგენია რას მოიმოქმედებენ სპეციალისტების მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი მუშები. 

კომენტარები