2008 წლის აგვისტოს ომი

კახა ლომაია: ხელისუფლების განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია

"ანტისახელმწიფოებრივად" აფასებს გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი და უშიშროების ყოფილი მდივანი კახა ლომაია ხელისუფლების განცხადებებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების თაობაზე.

"მე, როგორც გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საკმარისია, საქართველოს რომელიმე ოფიციალურმა უწყებამ შექმნას დასკვნა, რომელიც იმთავითვე სიცრუეზე იქნება აგებული და ოდნავ მაინც განსხვავებული იქნება არსებული სურათისგან, რომელიც ოდნავ მაინც ჩრდილს მიაყენებს საქართველოს, ჩვენი დეზინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდება", - განაცხადა ლომაიამ რუსთავი-2-ს ეთერში გადაცემა პოზიციაში.

მისი აზრით, "ხელისუფლება უშვებს შეცდომას, რომლის ფასიც საქართველოსთვის, ყველა წინა შეცდომისგან განსხვავებით, განუზომლად დიდი იქნება".

ლომაიას თქმით, „მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც ისე დეტალურადაა შესწავლილი, როგორც ეს ომი“. კერძოდ, „არსებობს ტალიავინის კომისიის ათას ასგვერდიანი დასკვნა, არსებობს საქართველოს პროკურატურაში უამრავი ტომი, სადაც აღწერილია სეპარატისტული ბანდფორმირებების მიერ ჩადენილი დანაშაულები, პარლამენტში არსებობს კომისიის დაკითხვის ოქმები, როცა კითხვებს მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის მეც, უპასუხეს. და რაც მთავარია, არსებობს ორი ფუნდამენტური წიგნი: ასმუსის "მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო" და მეორე, რომლის ავტორია შვედი მეცნიერი", - აღნიშნა კახა ლომაიამ.

მისივე თქმით, არსებობს ომის სამხედრო ანალიზიც, რომელიც ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა მოამზადეს, რომელიც გასაიდუმლოებულია, თუმცა, მასთან წვდომა შესაბამის თანამდებობის პირებს აქვთ.

"ამ პირობებში საუბარი იმაზე, რომ ხელახლა უნდა გაიხსნას საქმე და დაიკითხონ პირები, თან როცა წინასწარ ცნობილია ბრალდებულები და ბრალი, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს", - განაცხადა კახა ლომაიამ.

 

კომენტარები