ტრეფიკინგი

შსს: 11 წლის გოგონას, დედა პორნოგრაფიული ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ გახსნილია არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობდა. საქმე ეხება არასრულწლოვნის პორნოგრაფიული ხასიათის სურათებისა და ვიდეოჩანაწერების უკანონო დამზადებას, გავრცელებასა და გასაღებას.

გამოძიება პარალელურად მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ავსტრალიის სპეცსამსახურების მიერ.  

დაზარალებული საქართველოს მოქალაქე, 11 წლის გოგონაა, რომელსაც საკუთარი დედა ორი წლის განმავლობაში აიძულებდა, მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათებისა და ვიდეოების გადაღებაში. გოგონას მშობელი აღნიშნულ პრონოგრაფიულ მასალებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდდა, ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე. 

ნინო გიორგობიანის განმარტებით, ეს მამაკაცი გოგონას დედასთან ერთად მონაწილეობდა ფოტომასალის დამზადებაში, რის შემდეგაც მასალას სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე ავრცელებდა და მათ რეალიზაციას ახდენდა. 

შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ისრაელის სამართალდაცავი ორგანოების მიერ, ორივე ქვეყანაში დაიგეგმა ბრალდებულების დაკავების ერთდროული ოპერაცია.

"მიმდინარე წლის 8 აპრილს, საქართველოში დააკავეს მსხვერპლის დედა 45 წლის საქართველოს მოსაქალაქე, ხოლო ისრაელში - წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევისათვის ნასამართლევი 42 წლის ისრაელის მოქალაქე მამაკაცი. არასრულწლოვნის დაკავებული დედა მოთავსებულია თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 153-ე მუხლით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას, ანუ ტრეფიკინგს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება", -აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.  

რაც შეეხება დაზარალებულ გოგონას, იგი ამ დროისთვის გადაყვანილია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში, სადაც ფსიქოლოგების მიერ სარეაბილატიცო კურსი უტარდება. 

კომენტარები