საქართველოს ეკლესია

მეუფე სერაფიმე: ივანიშვილის განცხადება საფუძველს მოკლებულია

ეკლესიასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს, 10 აპრილს გაკეთებულ განცხადებას ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე პირველ რადიოსთან საუბრისას გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს ეკლესიაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.

"საკითხის ასე დაყენებას მართებულად არ ვთვლი. არანაირი პრობლემა დღეს ეკლესიაში არ არის. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. პრობლემა მაშინ ითქმება, როდესაც ვინმე ან რამე არ აკეთებს რაიმე საქმეს. ეკლესია არის ერთ-ერთი პირველი და მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის. ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება საფუძველს მოკლებულია. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დღეს ძალიან კარგი ურთიერთობაა. მე ვფიქრობ, რომ ეს კავშირი უფრო გაუმჯობესება, ამაში დარწმუნებული ვარ. არის გარკვეული ძალები, რომლებიც ცდილობენ დაძაბონ ურთიერთობა და ცდილობენ ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა გააფუჭონ. რა თქმა უნდა, ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს. ფაქტია, რომ ეკლესიას სჭირდება დახმარება. სახელმწიფო იგივე მრევლია და იგივე მოვალეობა აქვს ერისა და ღვთის წინაშე. ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს, თუმცა ურთიერთდახმარება აუცილებელია. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს შიდა საქმეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ვალდებულება ეკლესიის წინაშე. სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს ეკლესიის დაცვა და არ უნდა დაუშვას ეკლესიაზე თავდასხმა", - განაცხადა მეუფე სერაფიმემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აპრილს ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებს შეხვდა. შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ ტაბუ დადებული თემები არ უნდა არსებობდეს.

"ჩვენ როგორც არ უნდა ვმალოთ და როგორც არ ვეფერებოდეთ ჩვენს ეკლესიას, კარგად ვიცით, რომ იქაც არსებობს პრობლემები და ზოგიერთ შემთხვევაში, საზოგადოების წარმომადგენელი ამაზე აკეთებს რეაქციას. ეს ნორმალურია და ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

კომენტარები