იშხანი

საქართველოს საგარეო უწყებამ პატრიარქის თხოვნით იშხნის საკითხზე თურქეთს მიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საგარეო უწყებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის წერილი იშხნის სამონასტრო კომპლექსის თაობაზე უკვე მიიღო და ანკარაში განთავსებული საქართველოს საელჩოს მეშვეობით თურქულ მხარეს გადასცა.

ფანჯიკიძის განცხადებით, საგარეო უწყებას ოფიციალური ანკარის საპასუხო წერილი ჯერ არ მიუღია და პასუხის მიღებისთანავე მას გაასაჯაროებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა უშუალოდ იმ საკითხის შესახებაც ისაუბრა, რომელიც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თავის ღია წერილში დასვა.

 “ამ თემის ერთი ნაწილი წმინდა ექსპერტული საკითხია, რომელიც ამა თუ იმ ისტორიული ძეგლის რესტავრაციის კონკრეტულ მექანიზმებს და პროცედურებს ეხება და რომელიც ჩვენს კომპეტენციას სცილდება”, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ იმ საკითხზე, რომელიც ექსპერტულ მხარეს ეხება, არქეოლოგებმა, ისტორიკოსებმა და დარგის სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ.

 შეგახსენებთ, რომ იშხანში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროებით შეჩერება მოითხოვეს კულტურის სამინისტრომ და საპატრიარქომ. პატრიარქის ქორეპისკოპოსის ინფორმაციით, იშხნის მონასტერი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო “ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”.

კომენტარები