საგამოძიებო სამსახური

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამი პირი

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამი პირი - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ფაქტებზე ხსენებული პირები ორ რეგიონში, სამეგრელოსა და კახეთში, დააკავეს.

სამეგრელოში დაკავებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორი გოგი ახალაია. გამოძიება მას ერთ-ერთი ინდმეწარმისთვის, რომელიც სკოლისთვის გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა, სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 ლარის გამორთმევას ედავება.

რაც შეეხება კახეთს, საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა ახმეტის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ზვიადაური, რომელმაც, გამოძიების ცნობით, უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ 500 დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო.

ასევე დაკავებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელია მალხაზ ფიცხელაური. მას ბრალად აკრძალული ხე-ტყის სამასალე მორების დამზადების სანაცვლოს ქრთამის სახით 400 ლარის აღება ედება.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულების 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

კომენტარები