სკანდალი

ოლანდის კამპანიის ორგანიზატორი ოფშორულ ბიზნესში დებდა ინვესტიციებს

 ფრანსუა ოლანდი პოლიტიკურ სკანდალში გაეხვია, მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ მის მეგობარს და საარჩევნო კამპანიის ფინანსურ დირექტორს ჟან-ჟაკ ოჟიეს, ოფშორულ კომპანიებში კაიმანის კუნძულებზე ინვესტიციები აქვს ჩადებული. ინფორმაცია გაზეთმა Le Monde გამოაქვეყნა. ოჟიემ ეს ინფორმაცია დაადასტურა - მისი თქმით, აღნიშნული კომპანიები უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის შეიქმნა.

პირველი კომპანია, ინეტერნეშენალ ბუქსთორი, 2005 წელს შეიქმნა ოჟიესა და ჩინელ ბიზნესმენ ძი შუსთან სათანამშრომლოდ. ძი შუს საფრანგეთის წიგნების ბაზარზე შეღწევა სურდა. ოჟიეს თქმით, კაიმანზე კომპანიის დარეგისტრირება პარტნიორის მოთხოვნა იყო.

მეორე კომპანია კაიმანის კუნძულებზე 3 წლის შემდეგ საერთაშორისო ტურისტულ კომპანიასთან ერთად შეიქმნა. ამ მომენტისთვის ეს კომპანია ჰონგკონგში ოპერირებს.

ეს ოლანდისთვის ამ კუთხით მეორე სკანდალია, პირველად პრესის ყურადღება მისმა ფინანსთა მინისტრმა, ჟერომ კაუზაკმა, მიიპყრო. კაუზაკმა, რომელმაც ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა, აღიარა, რომ 20 წელია საიდუმლო საბანკო ანგარიში აქვს ქვეყნის გარეთ, რომელზეც 600,000 ევროს ოდენობის თანხას ინახავს.

პრეზიდენტისთვის, რომელიც 75%-იანი გადასახადების ინიციატორია, აღნიშნული შემთხვევა პოლიტიკურად დიდი დარტყმაა. ოპოზიციის წევრები პრემიერმინისტრის და ფინანსთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 86% ამბობს, რომ აღნიშნული სკანდალი "კრიტიკული" იყო.

კომენტარები