ლაფანყურის ოპერაცია

ზაკაევი: სააკაშვილის გარემოცვის ხალხს, საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნები ჩაჰყავდათ

"პირველი რადიოსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იჩქერიის დევნილი მთავრობის წევრმა ახმედ ზაკაევმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გარემოცვა საქართველოში ჩაყვანილი ჩეჩნების დაღესტნის ტერიტორიაზე გადასხმას აპირებდა.
"იმის თქმა შემიძლია, რომ სააკაშვილის გარემოცვის ხალხს, საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნები ჩაჰყავდა, გარკვეულ ჯგუფებს გარკვეულ ვადაში ამზადებდა და ეს ხალხი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეთანხმებით, უნდა გადაესხათ დაღესტანის ტერიტორიაზე", - განაცხადა ზაკაევმა.
ზაკაევი აღნიშნავს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია ჩეჩნეთის დევნილმა მთავრობამ გამოიძია. მათ სპეციალური კომისია შექმნეს, რომელმაც მუშაობა თითქმის დაასრულა. დასკვნა მალე გასაჯაროვდება, თუმცა მანამდე ზაკაევი აცხადებს, რომ მოკვლევის შედეგები ემთხვევა სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში ლაფანყურის ოპერაციასთან მიმართებით შემდეგი შინაარსის დასკვნაა მოცემული:
 "საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მითითებით/თხოვნით, 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან. წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ჰპირდებოდნენ ე.წ. კორიდორს ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას. მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩეჩნების ჩამოსვლა. მათთვის თბილისის ზოგიერთ უბანში (ძირითადად საბურთალოს რაიონში) დაიქირავეს ბინები. საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნების დაპირების მიხედვით, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო. სახალხო დამცველისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩეჩნეთში საომრად გადასვლის იმედით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში დაახლოებით 120 (ას ოცი) ჩეჩენი და სხვა ჩრდილო კავკასიური წარმოშობის მებრძოლი ჩამოვიდა. [...]2012 წლის მარტიდან ჩეჩენი მებრძოლების წვრთნა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, რამაც ჯგუფის წევრებში თავიდანვე უარყოფითი შეფასებები გამოიწვია. [...]ახლოვდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარება თანდათან იძაბებოდა და ჩეჩენ მებრძოლებში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ხნით საქართველოში მათი გაჩერების მიზეზი დაკავშირებული ყოფილიყო არჩევნებთან და საარჩევნო პროცესებში რაიმე სახით მათ გამოყენებასთან".

კომენტარები