ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მერაბიშვილი მთავრობას გლეხებისთვის დახმარების მიღების გამარტივებას სთხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, 21 მარტს გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამასა და მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ამ დღეებში მე შეხვედრები მქონდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ დღევანდელი მთავრობის სოფლის მეურნეობის პროგრამა არის ძალიან ცუდად მომზადებული, გაუგებარი და ბუნდოვანი. ვერ ვნახე ვერცერთი ადამიანი, რომელმაც იცის როგორ შეიძლება ამ ე.წ. ბარათების გამოყენება. არის ორეტაპიანი პროცედურა, ჯერ მოქალაქე ვალდებულია ბარათის ერთი ნაწილით მოხნას, შემდეგ თუ ის მოხნავს თავის მიწას, შემდეგ მიიღოს სასუქი ან ტექნიკა შეიძინოს. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის როგორ უნდა გამოიყენოს და ვერ იყენებს ამ ბარათებს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქართველი გლეხები ამ დაპირებას და ბიუჯეტიდან გამოყოფილ 400-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ინიციატივითაც გამოვიდა და მთავრობას სასოფლო-სამეურნეო ბარათების გამოყენების წესის გამარტივება შესთავაზა.

„მე მაქვს წინადადება მთავრობასთან, რადგან დროულად ვერ მოხერხდა ამ ბარათების დარიგება, თან საქართველოში სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებული სპეციფიკაა, ვთავაზობ მთავრობას, რომ გლეხებს საშუალება მიეცეთ ეს ბარათები ბანკებში გაანაღდონ და თვითონ გადაწყვიტონ რაში გამოიყენონ ეს ფული. გამოიყენონ ისინი თესლის შეძენაში, ჩითილების შეძენაში, მოსავლის აღებასა თუ სხვა რამეში. იმის გამო, რომ დაგვიანდა ბარათების დარიგება, იმის გამო, რომ ბევრმა გლეხმა ვერ ისარგებლა და ვერ ისარგებლებს ამ გართულებული პროცედურის გამო, კარგი იქნება, მოქალაქეებმა არ დაკარგონ ის შემოსავალი, რაც გამოყოფილია ბიუჯეტიდან და მათ თვითონ მიიღონ ეს ფული და გამოიყენონ თავისი შეხედულებისამებრ. საქართველოში არ არის არცერთი ადამიანი, რომელმაც ბოლომდე იცის ამ ბარათების გამოყენების წესი“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის თებერვალში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების ქართველი ფერმერებისთვის დარიგება გადაწყვიტა. ბარათის პირველი ეტაპი გლეხებისთვის მიწის დამუშავებაში ხელის შეწყობასა და დახმარებას გულისხმობდა, მეორე ნაწილი კი - საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის შეძენას. ის ადამიანები, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო დახმარების ბარათი მიიღეს, სამინისტრომ „კარდაკარის“ პრინციპით აღწერა.

კომენტარები