სასამართლო სისტემა

ივანიშვილი: ახლა სასამართლოს თავიდან ბოლომდე ნგრევა, არ არის საინტერესო

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიას შეხვდა. ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ივანიშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ისაუბრა.  
პრემიერმინისტრის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პიროვნულად არის დავალებული პრეზიდენტი სააკაშვილისგან.
"მერიდება ცოტა, მე ვიცი, რომ კუბლაშვილს ჰქონდა რაღაც სერიოზული დაავადება, ძალიან მერიდება ახლა, რაღაც ჭორების დონეზე ჩავედი, მაგრამ ვგულისხმობდი მე იმას, რომ მას დაეხმარა პირადად სააკაშვილი და ის ძალიან ვალდებულების გრძნობით იყო", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილის აზრით, კუბლაშვილი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია, ისევე როგორც თავად იყო ორ წელიწადზე მეტ ხანს. 
"მეც მსხვერპლი ვიყავი 2,5 წელიწადი, მეც ვერ ვაცნობიერებდი კარგად, ვისთან მქონდა საქმე და ცოტა უფრო მეტიც: შესაბამისად,  მე არ გამიგია კუბლაშვილზე, როდესაც ამას ვამბობ, რომ ის არის დიდი მექრთამე, რომ ეს არის ძალიან მდიდარი ადამიანი. ის უბრალოდ ვერ ახერხებდა უარი ეთქვა ერთი ადამიანისთვის და იმ სისტემისთვის, რომელიც მოხერხდა და ჩამოყალიბდა საქართველოში და ეს არ მოხდა ერთ დღეს", - განაცხადა პრემიერმა.
 ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ სასამართლო რეფორმის კუთხით "ბევრი ძალიან კარგი რამ გაკეთდა". თუმცა, პრემიერის აზრით, იმ საკითხებში, რომელშიც უშუალოდ პრეზიდენტის ინტერესები იკვეთებოდა, "ვერ ხერხდებოდა" დამოუკიდებლობის დაცვა. ამაში კი პრემიერი, კუბლაშვილთან და სხვა მოსამართლეებთან ერთად, საზოგადოების "ბრალეულობასაც" ხედავს.
ივანიშვილის თქმით, მისი დიდი სურვილია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ "დაასრულოს თავისი ვადა".
"ახლა ამის [სასამართლოს] თავიდან ბოლომდე ნგრევა და სულ თავიდან დაწყება, რა თქმა უნდა, არ არის საინტერესო. მე მიმაჩნია, რომ ის არის პროფესიონალი, მას აქვს დიდი გამოცდილება, მას აქვს ბევრი კარგი გაკეთებული, მაგრამ ის ვერ უმკლავდებოდა, რაღაც პროცესებში და ვერ ახერხებდა დაეჭირა პოზიცია. ჩემი დიდი სურვილია, რომ, რა თქმა უნდა, კოტე კუბლაშვილმა დაასრულოს თავისი ვადა. გასაგებია, რომ იყო პრობლემები, ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ამაშიც ჩვენი ბრალეულობაა. ჩვენ შევეცადოთ შევინარჩუნოთ ჩვენი ნიჭიერი კადრი. მას დიდი გამოცდილება აქვს, ისიც, მისი ძმაც, პავლე კუბლაშვილი, ინტელექტუალები არიან", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები