კოჰაბიტაცია

კობა დავითაშვილი: არ შეიძლება ჯალათებთან და მკვლელებთან კოჰაბიტაცია

"არ შეიძლება ჯალათებთან და მკვლელებთან კოჰაბიტაცია. არ შეიძლება მათი განხილვა ოპოზიციად და ჩვეულებრივ პოლიტიკურ ძალად, რომელთანაც მიდის პოლიტიკური დებატები", - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა, გუშინ, 13 მარტს, ტელეკომპანია მე-9 არხის გადაცემა მთავარ კითხვაში გააკეთა. 
დეპუტატის თქმით, პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰყავს პრეზიდენტი, გუბერნატორები და სასამართლოს აკონტროლებს, ძნელია უწოდო ოპოზიცია. დავითაშვილი მიიჩნევს, რომ  ქვეყანაში რეალურად ორხელისუფლებიანობაა. 
"სააკაშვილის ხელისუფლება დასუსტებულია, მაგრამ ჯერ ხელისუფლებიდან წასული არ არის. ეს პროცესი უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე", - აცხადებს დეპუტატი. 
კობა დავითაშვილის თქმით,  ყოფილი ხელისუფლება არ ნანობს წარსულ შეცდომებს და ამდენად, მათთან "ჩვეულებრივი ურთიერთობა" გაუმართლებელია. მისი თქმით, ქართული ოცნება ხალხმა იმისთვის აირჩია, რომ "ამ ქვეყანაში დაბრუნდეს მართლმსაჯულება".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ევროპარლამენტარების მიერ პრემიერისადმი მიწერილ წერილსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროპის სახალხო პარტია ლობირებდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს.
"ახლა ეს პარტია საკუთარ თავს იცავს და არა სააკაშვილის რეჟიმს. მათ საკმაო პრობლემები ექნებათ იმის გამო, რომ მათ მიერ დემოკრატიად გამოცხადებული ავტორიტარული რეჟიმის მამხილებელი ფაქტები გავრცელდა ევროპაში", - აცხადებს დავითაშვილი.
მისი თქმით, "თავდაცვის დრო დასრულდა" და ახლა "თავდასხმაზე" უნდა გადავიდეს ხელისუფლება. ამისათვის, დეპუტატის განცხადებით, საჭიროა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ოპონენტებს ობიექტური ინფორმაცია და მასალები მიაწოდოს ხელისუფლებამ, რომ მათ შეძლონ კითხვების დასმა, თუ "სად წავიდა  ევროპელ და ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფული". ამ არგუმენტების გამო, კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ "ძალიან სწორი" იყო პარლამენტის თავმჯდომარის ტონი, რომლითაც მან სახალხო პარტიას მიმართა

კომენტარები