ვენეციის კომისია

ვენეციის კომისიას ამნისტიის შესახებ კანონის 22-ე მუხლთან შენიშვნები აქვს

ვენეციის კომისიის დასკვნაში ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლთან დაკავშირებით შენიშვნებია გამოთქმული. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ არ ყოფილა ობიექტური კრიტერიუმების მიღების მცდელობა, ''რომლის მიხედვითაც, პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება''.

"ამნისტიის კანონის 22-ე მუხლი ერთმანეთისგან მიჯნავს იმ პირის კრიმინალურ პასუხისმგებლობას და დასჯას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, პოლიტიკური პატიმრის სტატუსით იხდიდა სასჯელს ან პოლიტიკური მოტივით იდევნებოდა. კანონში არ ყოფილა ობიექტური კრიტერიუმების მიღების მცდელობა, რომლის მიხედვითაც პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება. კანონი არ აზუსტებს, რა დანაშაულები შედის მასში ან რა პერიოდის განმავლობაში. კანონში არ არის ნახსენები ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა "სერიოზული ეჭვი იმ პროცედურების სამართლიანობაზე, რომლის შედეგადაც ხდება ადამიანის დაკავება". მიუხედავად იმისა, რომ კანონის შესავალში ნახსენებია ევროსაბჭოს რეზოლუცია პოლიტიკური პატიმრების შესახებ, ეს კრიტერიუმი თავად კანონში არ არის შესული", - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საქმეების შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე.

"კანონი არ ითვალისწინებს სასამართლოში გასაჩივრებას იმ შემთხვევაში, თუ პირი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, მაგრამ პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადი კრიტერიუმების არარსებობის შემთხვევაში სიაში მოხვედრის ან ამოღების პრობლემა რთულად მოგვარებადია. ამნისტიის შესახებ კანონის 22-ე მუხლი გულისხმობს პოლიტიკური მოტივებით დაკავებულ პირთა ამნისტიას, თუმცა წარმოადგენს საერთო ამნისტიას. მოსმენისას კანონი შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ ჩვეულებრივ დანაშაულებსაც, რომლებიც არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან და ასევე, ძირითადად, თეორიულად - საერთაშორისო კრიმინალურ დანაშაულებს, როგორიც არის წამება და ომის დროს ჩადენილი დანაშაული. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა სიაში შეიყვანა პირები, რომლებიც არ არიან პოლიტპატიმრები ან პოლიტიკური მოტივით დევნილები და რომლებმაც ჩაიდინეს ჩვეულებრივი დანაშაული, რომელიც არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან - არ არსებობს მეთოდი, რომლითაც მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება", - აღნიშნულია დასკვნაში.

შეგახსენებთ, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც "საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი".

 

კომენტარები